ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას ჩინეთთან მუშაობა სურს - ვაჭრობის მდივანი


აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო და ჩინეთის პრემიერი ლი კეციანი
აშშ-ის ვაჭრობის მდივანი ჯინა რაიმონდო და ჩინეთის პრემიერი ლი კეციანი

შეერთებული შტატების სურვილია, ჩინეთთან ისეთი პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი. აღნიშნული განცხადება შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანმა ჯინა რაიმონდომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი კეციანთან 29 აგვისტოს, პეკინში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

რაიმონდო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს კომუნიკაციების მიმართულებით პეკინთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით - ეკონომიკის და თავდაცვის სფეროში, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ორ ზესახელმწიფოს შორის უთანხმოება შეიძლება უკონტროლო გახდეს.

"არსებობს გლობალური შეშფოთების სხვა სფეროები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტი, "ფენტანილის" კრიზისი, სადაც ჩვენ გვინდა თქვენთან მუშაობა, როგორც ორ გლობალურ ძალას, რომელთაც იმის კეთება სურთ, რაც მთელი კაცობრიობისთვისაა სწორი" - განაცხადა რაიმონდომ პეკინში ვიზიტისას.

ჩინეთის პრემიერის თქმით, ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობები და სავაჭრო თანამშრომლობა სასარგებლო იქნება არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

წარსულში შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ. თუმცა, ვაშინგტონი ახლა უფრო მეტად მეზობელ კანადასთან და მექსიკასთან ვაჭრობს, ვიდრე ჩინეთთან. პეკინმა კი სავაჭრო თანამშრომლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან გაზარდა.

პრემიერთან შეხვედრამდე, რაიმონდო ჩინეთის ტურიზმის მინისტრს ესაუბრა. მათ აშშ-ჩინეთის ტურიზმის ლიდერთა მე-14 სამიტის მოწყობაზე მოილაპარაკეს, რომელიც ჩინეთში მომავალი წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ორი ქვეყნის ბოლო სამიტი 2019 წელს, სიეტლში შედგა. მხარეების შეთანხმებით, შემდგომი ეტაპი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარება იქნება.

ჩინეთში ვიზიტისას, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ტურიზმზე დიდი აქცენტი გააკეთა. ქვეყნები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ შორის ავიამიმოსვლა თითქმის გაორმაგდება. დღეისთვის რეისები ამერიკას და ჩინეთს შორის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ჯერ კიდევ დაბალ ნიშნულზეა. რაიმონდოს თქმით, თუ ვაშინგტონს და პეკინს შორის ტურიზმი და ავიამიმოსვლა 2019 წლის დონეზე აღდგა, ეს შეერთებული შტატების ეკონომიკას დამატებით $30 მილიარდს და 50 000 სამუშაო ადგილს მოუტანს.

რაიმონდო პეკინში ვიზიტს აგრძელებს და 30 აგვისტოს შანხაის "დისნეილენდის" მონახულებას გეგმავს. მისი ერთობლივი მფლობელები არიან ამერიკული კერძო კომპანია "უოლტ დისნეი" და ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ჯგუფი "შენდი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG