იაპონიამ სამშაბათს განაცხადა, რომ 24 აგვისტოს ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან 1 მილიონ ტონაზე მეტი გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის ოკეანეში გაშვებას დაიწყებს. ამ გეგმას ჩინეთი მკაცრად აკრიტიკებს.
ამ გადაწყვეტილებას, რომელიც იაპონიის მთავრობამ ორი წლის წინ დაამტკიცა, ადგილობრივი მეთევზეების ჯგუფებიც აკრიტიკებენ, რადგან ისინი შიშობენ, რომ წყლის ოკეანეში ჩაღვრა მათი რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს.
ნაგებობიდან წყლის გაშვება „ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის“ მიერ ფუკუშიმას ატომური ელექტრო სადგურის მომსახურებიდან ამოღებისთვის არის საჭირო.
„მოველით, რომ წყლის გაშვება 24 აგვისტოს დაიწყება, ამინდის პირობების გათვალისწინებით“, - თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
თავდაპირველად წყლის მცირე რაოდენობის გაშვება იგეგმება მრავალჯერადი შემოწმებით. პირველი ჩაშვების დროს 7 800 კუბურ მეტრი წყალი ჩაეშვება ოკეანეში, დაახლოებით, 17 დღის განმავლობაში.
ფუკუშიმაში დაგროვებული წყალი შეიცავს დაახლოებით, 190 ტრიტიუმის ბეკერელს ერთ ლიტრზე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სასმელი წყლის განსაზღვრულ ლიმიტის სტანდარტზე დაბალია. ორგანიზაციის დაშაშვები დოზა ლიტრზე 10 000 ბეკერელია. ბეკერელი რადიოაქტიური წყაროს აქტივობის განმსაზღვრელი ერთეულია.
იაპონიის მთავარობამ განაცხადა, რომ წყლის გაშვება უსაფრთხოა, რაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ივლისში დაადასტურა. სააგენტოს განცხადებით, იაპონიის გეგმა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი გავლენა ადამიანებზე და გარემოზე „უმნიშვნელოა“.