ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილმა დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა“ - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ჯინ ფოსტერი.

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე, კელი დეგნანს რობინ დანიგენი შეცვლის. სენატმა მისი კანდიდატურა ხმის უმრავლესობით 27 ივლისს დაამტკიცა.

რობინ დანიგენი კარიერით დიპლომატია და ამ საქმეს 1992 წლიდან ემსახურება. ის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში მსახურობდა. ამ წლის 2 ივნისამდე მას ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.

დანიგენი ასევე მუშაობდა ავსტრიაში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის გახლდათ ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილეც. სხვადასხვა წლებში რობინ დანიგენს უმსახურია აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.

XS
SM
MD
LG