ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI-ს კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა აგენტმა რუსი ოლიგარქისთვის მუშაობა აღიარა


გამოძიების ფედერალური ბიუროს კონტრდაზვერვის ყოფილმა უფროსმა აგენტმა თავი დამნაშავედ ცნო ბრალდებებში, რომელიც რუს ოლიგარქ, ოლეგ დერიპასკასთვის მის მუშაობას უკავშირდება. აგენტმა ბრალის აღიარების თაობაზე მიდგომა მას შემდეგ შეცვალა, რაც ფედერალურმა პროკურორებმა ახალი, შედარებით შეზღუდული ბრალდებები წაუყენეს. ეს ბრალდება რუსი მილიარდერისთვის მუშაობით, რუსეთის მიმართ ამერიკული სანქციების დასარღვევად გამიზნულ შეთქმულებას გულისხმობს.

ჩარლზ მაკგონიგალის ეს ნაბიჯი, რომელიც მან 15 აგვისტოს, ნიუ-იორკში, ფედერალური მოსამართლის წინაშე გადადგა, ერთგვარი დასასრულია იმ სასამართლო საქმის, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ლიდერებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მაკგონიგალი ბიუროში წლების განმავლობაში მუშაობდა და სწორედ რუსული გავლენის ოპერაციებს იძიებდა და კარიერული წინსვლაც ჰქონდა.

55 წლის ყოფილი აგენტის წინაშე ჯერ კიდევ არის ცალკეული ბრალდებები ვაშინგტონში, რომელიც ამჯერად ყოფილი ალბანელი ოფიციალური პირებისთვის მის მუშაობას უკავშირდება.

მაკგონიგალი გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის ბიუროდან პენსიაზე 2018 წელს, კონტრდაზვერვის უფროსის თანამდებობიდან გავიდა. ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის მიერ მის მიმართ წაყენებული თავდაპირველი ბრალდებები უფრო სერიოზული იყო და ფულის გათეთრებას და ამერიკული სანქციების დარღვევას მოიცავდა. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მაკგონიგალმა და მასთან დაკავშირებულმა ყოფილმა რუსმა დიპლომატმა, დერიპასკასთვის მუშაობის სანაცვლოდ 200 000 დოლარზე მეტი მიიღეს.

დეკემბერში მაკგონიგალს სასჯელს შეუფარდებენ, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG