ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ყველა ბრალი ჯამურად 641 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


დონალდ ტრამპის ლეგალური პრობლემები ღრმავდება. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებების რიცხვი პუნქტობრივად 78-ს აღწევს. მათი დამტკიცების შემთხვევაში კი, ის შესაძლოა 641 წლით თავისუფლების აღკვეთის პირისპირ აღმოჩნდეს.

ინფორმაციას შესაძლებელი მაქსიმალური სასჯელის თაობაზე ამერიკული გამოცემა "პოლიტიკო" ავრცელებს. მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა სრულებით გამორიცხული არ არის. დიდი ალბათობით, მსგავსი მაღალკალიბრიანი, ე.წ. თეთრი საყელოიანების სასამართლო პროცესები პროკურორებს და დაცვის მხარეს შორის გარიგებით სრულდება.

"პოლიტიკომ" ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის წაყენებული მხოლოდ 3 ბრალდება შეაჯამა. მეოთხე საბრალდებო დასკვნას კი ამ თვის ბოლოსთვის, ჯორჯიის შტატიდან ელოდებიან. ეს ბრალდებაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევას უკავშირდება.

ტრამპის 3 საბრალდებო დასკვნიდან ორი ფედერალურია და ერთი - შტატის. ყოფილი პრეზიდენტი ბრალს არცერთ დანაშაულში არ აღიარებს და მიმდინარე პროცესებს კვლავ პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს. ის სასამართლო ბრალდებებს "ფარსს" და "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

ლეგალური პრობლემების მიუხედავად, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობს. გამოკითხვების მიხედვით, ის რესპუბლიკურ პარტიაში მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG