17 ივლისს, რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა გაეროს შუამავლობით გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებაში, რომელიც უკრაინას შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა. მოსკოვის ამ ნაბიჯს რამდენიმე საათით წინ უძღოდა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქება, რომელსაც კრემლი უკრაინულ საზღვაო დრონებს აბრალებს.
რუსეთის განცხადებით, მომხდარში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათი ქალიშვილი დაიჭრა. ყირიმის ხიდის საგზაო ნაწილზე მომხდარ აფეთქებას, რომელიც უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ძალების მომარაგების მთავარ არტერიას წარმოადგენს, მოსკოვი ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
მარცვლეულის შეთანხმების ბედი
პარალელურად, კრემლმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება ხიდის აფეთქებას არ უკავშირდება. მოსკოვის განცხადებით, შეთანხმებამ ასევე უნდა შეამსუბუქოს შეზღუდვები რუსეთიდან სურსათის და სასუქების ექსპორტზე.
სტამბოლში, 2022 წლის ივლისში, გაეროს და თურქეთის შუამავლობით რუსეთს და უკრაინას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინის მარცვლეულის მარაგის გლობალურ ბაზარზე გატანა განახლდა. რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, რუსეთმა მის მიერ დაპყრობილი შავი ზღვის პორტები დაბლოკა და ექსპორტი შეაჩერა.
მარცვლეულის შეთანხმება შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფანს უზრუნველყოფს, რომლის გავლითაც გემებს უკრაინული მარცვლეული თურქეთში ჩააქვს, იქიდან კი ის სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტზე გადის.
”სინამდვილეში, შავი ზღვის შეთანხმებებმა დღეს შეწყვიტა მოქმედება”, - განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს სატელეფონო პრესკონფერენციაზე. პესკოვის თქმით, „სამწუხაროდ, შავი ზღვის შეთანხმებების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, ამ დრომდე არ დანერგილა, ამიტომ მისი მოქმედება წყდება".
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებამ სურსათის ფასები შესაძლოა გლობალურად გაზარდოს, განსაკუთრებით - უღარიბეს ქვეყნებში. ვინაიდან უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის და მინერალური სასუქების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მთავარი მიზანი სწორედ გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილება იყო. იმისთვის, რომ რუსეთი შეთანხმებაზე წასულიყო, გაერო მოსკოვს დაპირდა, რომ მას საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში 3 წლის მანძილზე დაეხმარებოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის მხრიდან შეთანხმების შეჩერებას "ცინიკური ნაბიჯი" უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს ღარიბი ქვეყნების სურსათით უზრუნველყოფას.
აფეთქება ყირიმის ხიდზე
მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ყირიმის ხიდის გზის ჩაშლილი მონაკვეთი ჩანს. ცნობების მიხედვით, აფეთქებები 17 ივლისს გამთენიამდე მოხდა. მოძრაობა ფოტოებზე ორივე მიმართულებით შეჩერებულია, თუმცა პარალელური სარკინიგზო ხიდი კვლავ ფუნქციონირებს. 19 კილომეტრიანი ხიდის აშენების განკარგულება, რომელიც რუსეთის ტერიტორიას, მის მიერ უკანონოს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან დააკავშირებდა, რუსეთის პრეზიდენტმა 2014 წელს, ყირიმის უკრანონო ანექსიის შემდეგ გასცა.
კიევს დღევანდელი აფეთქებების თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. უკრაინა, როგორც წესი, არ აკეთებს კომენტარს ყირიმში ან რუსეთში მომხდარი თავდასხმების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე, რომელთაც რუსეთი კიევს აბრალებს.
თუმცა, პარალელურად, უკრაინა დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდი უკანონოდ აშენდა და მისი გამოყენება რუსეთის მიერ სამხედრო მომარაგებისთვის მას ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს.
Facebook Forum