ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ნატოში "მაპის" გარეშე გაწევრიანდება, თუ როდის - ალიანსი არ აკონკრეტებს


ნატოს ლიდერები, სამშაბათს შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში "წევრობის სამოქმედო გეგმის" გარეშე გაწევრიანდება. ალიანსში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კიევის მომავალი ალიანსშია, თუმცა უარი თქვეს, კიევის ოფიციალურად მიწვევაზე ან კონკრეტული თარიღის დასახელებაზე, თუ როდის გაწევრიანდება უკრაინა ბლოკში.

სამიტის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ გადაწყვეტილებას "აბსურდი" უწოდა. ნატოს 31 წევრი წვეყნის ლიდერები ლიეტუვაში, ვილნიუსში შეიკრიბნენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

ნატოს სამიტის კომუნიკეში ნათქვამია, რომ უკრაინას არ ექნება ვალდებულება შეასრულოს "წევრობის სამოქმედო გეგმით" (მაპი) გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გაცილებით გაამარტივებს კიევის ნატოში გაწევრიანების პროცესს.

"უკრაინის მომავალი ნატოშია",- ნათქვამია სამიტის დეკლარაციაში. " ჩვენ შეგვეძლება უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მიწვევა მივცეთ მაშინ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან, რომ ყველა პირობა დაკმაყოფილებულია",- ნათქვამია კომუნიკეში, რომელიც სამიტის პირველ დღეს გავრცელდა.

განცხადებაში არაა მითითებული კონკრეტულად რა მოთხოვნებზეა საუბარი. თუმცა ნახსენებია, რომ ალიანსი დაეხმარება კიევს სამხედრო თავსებადობის, ასევე დამატებითი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების მიღწევაში.

ნატოს კომუნიკეს ეს ნაწილი ხაზს უსვამს იმას, რომ 31 წევრს შორის კონსესუსი უკრაინის წევრობის საკითხზე ჯერ არ არსებობს. კიევი ომის დაწყებამდეც ითხოვდა ნატოში მიღებას და უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთისგან მომავალი სამხედრო საფრთხის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ სასურველი მიწვევა ნატოს ამ სამიტზე ვერ მიიღო, ალიანსი მტკიცედ უსვამს ხაზის თავის ერთგულებას ქვეყნისადმი. ნატოს კომუნიკეში ნათქვამია: ”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ სოლიდარობას უკრაინის მთავრობისა და ხალხის მიმართ, მათი ქვეყნის, მათი მიწისა და ჩვენი საერთო ღირებულებების გმირული დაცვის საქმეში.”

ნატოს სამიტის განცხადებაში, საუბარია რუსეთზეც. ალიანსი მკაფიოდ აცხადებს, რომ: „რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

ზელენსკის კრიტიკის შესახებ კითხვაზე, სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა რომ: ”ნატოსგან არასდროს ჰქონია უფრო ძლიერი გზავნილი, როგორც გაწევრიანების გზის პოლიტიკურ, ასევე ნატოს მოკავშირეების მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერის შესახებ”.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, დრო არასდროს ყოფილა წევრობის განმსაზღვრელი და ეს ყოველთვის პირობებზე იყო დამყარებული.

XS
SM
MD
LG