ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუნხენის კონფერენციაზე საფრანგეთი და გერმანია გააკრიტიკეს


ოთხშაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ისეთი ქვეყნების ლიდერობის ნაკლებობა, როგორიც გერმანია და საფრანგეთია, და ამ ქვეყნების ვიწრო ინდუსტრიული ინტერესები, ხელს უშლის ევროპას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში.

„ევროპის თავდაცვაში გადამწყვეტი ხარვეზი კვლავ პოლიტიკური ლიდერობის ნაკლებობაა“, - ნათქვამია მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში ევროპის თავდაცვის შესახებ.

მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენცია, როგორც წესი, თებერვალში იმართება ხოლმე. ის წამყვანი პოლიტიკოსებისა და გავლენიანი ანალიტიკოსების გლობალური შეკრების ადგილია, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ.

კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ჩართულობა ნათლად აკლია ევროპას მაშინ, როდესაც უკრაინასთან გაცილებით მეტად არიან ჩართულები და ქვეყნის დახმარებას ცდილობენ ევროკომისია და ევროკავშირი ურსულა ფონ დერ ლეიენისა და ჯოზეფ ბორელის ლიდერობით.

„კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობის დროს, გერმანია განგრძობითად კრიტიკის საგანია იმის გამო, რომ ევროკავშირის თავდაცვის საკითხებში ჩართული არაა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ამავდროულად, საფრანგეთი ვიწრო ინდუსტრიულ მიზნებს მიჰყვება, კოლექტიური ევროპული ინტერესების გატარებისა და დაცვის ნაცვლად",- ვკითხულობთ განცხადებაში.

ანგარიშში გერმანია და საფრანგეთი ასევე გაკრიტიკებულნი არიან იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასაწყისში ისინი გარკვეულ წინააღმდეგობას წევდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. ანაგრიშში ნათქვამია, რომ ამან დააზიანა საფრანგეთისა და გერმანიისადმი ნდობა აღმოსავლეთ ევროპაში.

XS
SM
MD
LG