ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი: ვინაა რეალურად ექსტრემისტი?


რუსმა ოპოზიციონერმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალიმ, რომელიც პატიმრობაშია და რომელსაც ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ, სამშაბათს განაცხადა, რომ აინტერესებს რატომ არის ის უფრო დიდი საფრთხე რუსეთისთვის, ვიდრე - დაქირავებული „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებმაც შეიარაღებული ამბოხება წამოიწყეს.

„ტვიტერზე“ მისი თანაშემწეების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნავალნიმ თქვა, რომ სასჯელაღსრულების კოლონიაში 1 ივნისის შემდეგ რადიოთი სარგებლობის და საუბრის საშუალებას არ აძლევენ.

მისი თქმით, ეგონა ადვოკატები მას ეხუმრებოდნენ, როდესაც სასამართლოს სხდომის წინ მას „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების ამბოხის მოწყობის შესახებ უამბესს.

„სამაგიეროდ შემოვიდა პროკურორი და ჩვენ გავაგრძელეთ სასამართლო პროცესი, რომელშიც მე ბრალდებული ვარ ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ძალადობრივი გზით უნდა დაემხო პრეზიდენტი (ვლადიმირ) პუტინი“, - თქვა ნავალნიმ.

„როცა ვუსმენდი, თუ რატომაა ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტული და სახიფათო ქვეყნისთვის, წავიკითხე იმის შესახებ, თუ როგორ „დაიკავა პოზიციები მდინარე ოკაზე რუსეთის ჯარების ერთმა ჯგუფმა, რათა თავი დაეცვა რუსული ჯარის სხვა ჯგუფისგან“, - თქვა მან. "მე ველოდი, რომ პროკურორს ბოლოს და ბოლოს სიცილი აუტყდებოდა და იყვირებდა: ეს ყველაფერი ხუმრობაა, შენი სახე უნდა გენახა, ნავალნი! მაგრამ ის აბსოლუტურად სერიოზული იყო", - განაცხადა მან.

ნავალნიმ „ვაგნერის“ დაქირავებული ძალის ამბოხში თავად პრეზიდენტი დაადანაშაულა, რომელსაც უფლება მიეცა შეწყალების დაპირებების სანაცვლოდ, თავისი რიგები მსჯავრდებულებით შეევსო და გაძლიერებულიყო.

„ეს არ იყო დასავლეთი ან ოპოზიცია, რომელმაც რუსეთის თავზე რუსული ვერტმფრენები ჩამოაგდო. ეს არ იყო ანტიკორუფციული ფონდი, რომელმაც რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა“, - თქვა მან. „ის, რომ პუტინის ომმა შეიძლება გაანადგუროს და დაშალოს რუსეთი, უკვე აღარ არის დრამატული შეძახილი“, - თქვა მან.

ნავალნი 11.5-წლიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის. ბრალდებებს ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მას ახლა ასამართლებენ სხვა ბრალდებებით, მათ შორის ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნისა და ექსტრემისტული აქტივობისკენ საჯარო მოწოდებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG