ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ სამხრეთში წინსვლა აქვს, აღმოსავლეთში კი მტრის შეჩერება მოახერხა


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს რუსეთის შეტევა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, ქვეყნის აღმოსავლეთში. ხოლო უკრაინის სამხრეთში, ფრონტის ხაზზე უკრაინულ ძალებს წინსვლა აქვთ.

"ძალიან მძიმე ბრძოლები გვქონდა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, მაგრამ ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერი იქ შეაჩერეს",- თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანნა მალიარმა.

უკრაინა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, კონტრშეტევის ადრეულ ფაზაზეა. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა ამბობს, ამ დროისთვის მათ 8 სოფელი დაიბრუნეს, რაც ბოლო 7 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი წინსვლაა.

თუმცა, რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილების მოზრდილ ნაწილს, სადაც უკრაინელებს მთავარი თავდაცვის გარღვევა მოუწევთ.

"მთავარი მოვლენები, ნამდვილად, წინ გველოდება. მთავარი განვითარება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ნამდვილად გვაქვს რეზერვში ზოგიერთი რამ, რასაც მოგვიანებით გავააქტიურებთ",- უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს მალიარმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთის მთავარ ამოცანად, კვლავ უკრაინის აღმოსავლეთში ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება რჩება.

რაც შეეხება, სამხრეთს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამხრეთ ფრონტზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ დანაღმული ველები ოპერაციას გარკვეულწილად, ანელებს.

"ყოველ დღე წინ მივდივართ, ყოველ დღე. ეს ეტაპობრივად ხდება, მაგრამ ჩვენი ჯარები მყარად იკიდებენ ფეხს ამ საზღვრებზე და ისინი სტაბილურად მიდიან წინ",- ამტკიცებს მალიარი.

სააგენტო "როიტერმა" ვერ შეძლო ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის გადამოწმება.

XS
SM
MD
LG