ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის თქმით, იქ რუსული ბირთვული იარაღის განლაგება მიმდინარეობს


რუსეთმა 25 მაისს განაცხადა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების გეგმა კვლავ ძალაშია. ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ერთი ქობინი უკვე გზაშია. ეს კრემლის მიერ ბირთვული შეიარაღების პირველი განლაგებაა რუსეთის გარეთ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო აღნიშნული, მაგრამ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ცვლის თავის პოზიციას სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და არ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ბირთვული იარაღის განლაგების გეგმა პუტინმა 25 მარტს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოაცხადა.

„კოლექტიური დასავლეთი არსებითად აწარმოებს გამოუცხადებელ ომს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პუტინის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, მინსკში თავის ბელარუს კოლეგასთან შეხვედრაზე.

შოიგუს თქმით, დასავლეთი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია „უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გახანგრძლივების და ესკალაციისთვის“.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე მოძრაობს, პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების შესაბამისად, თუმცა ეს თავად კრემლს არ დაუდასტურებია.

"ატომური იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია", - განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს მოსკოვში, სადაც ის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

კითხვაზე, იყო თუ არა იარაღი უკვე ბელარუსში, მან თქვა: "შესაძლოა. როცა დავბრუნდები, შევამოწმებ".

შოიგუს თქმით, დოკუმენტები, რომელსაც ხელი მინსკში მოეწერა, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის შენახვის პროცესს შეეხება.

ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა გეგმას უწოდა "უპასუხისმგებლო ქცევის ბოლო მაგალითი, რაც ჩვენ რუსეთის მხრიდან უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვიხილეთ“.

მილერმა გაიმეორა ვაშინგტონის გაფრთხილება, რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება "მძიმე შედეგები", ამ შედეგების დაკონკრეტების გარეშე.

„დავამატებ, რომ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი შეცვალოთ ჩვენი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია ან რაიმე მინიშნება იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად“, - განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს.

პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა საშუალებას თავის დასაცავად.

ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რომელსაც ხელი საბჭოთა კავშირმა მოაწერა, ამბობს, რომ არცერთ ატომურ ძალას არ შეუძლია ბირთვული იარაღის ან ტექნოლოგიების გადაცემა არაბირთვული ძალისთვის, მაგრამ ის არ ზღუდავს მის განლაგებას საზღვრებს გარეთ.

XS
SM
MD
LG