რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ "ნამდვილი ომია" გაჩაღებული. მან მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების წლისთავის აღსანიშნავ აღლუმზე გამოსვლისას თქვა, რომ დასავლეთი მისი ქვეყნის განადგურებას ცდილობს.
10-წუთიანი გამოსვლისას "დასავლეთის გლობალური ელიტების" წინააღმდეგ გალაშქრების პარალელურად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კვლავ ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება.
"დღეს ცივილიზაცია კვლავ გადამწყვეტ, გარდამტეხ ეტაპზეა", - განაცხადა პუტინმა წითელ მოედანზე.
პუტინის თქმით, დასავლეთს დაავიწყდა, რომ 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში სწორედ საბჭოთა კავშირმა ითამაშა ცენტრალური როლი. თუმცა მას არ უხსენებია, "ლენდ ლიზის" შეიარაღების მიწოდების პროგრამა, რომლითაც დასავლეთი მაშინ მოსკოვს ეხმარებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღლუმისას იარაღის 125 ერთეული იყო წარმოდგენილი და მასში მონაწილეობას 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებდა. თუმცა მექანიზებული ბრიგადის კოლონას მხოლოდ ერთი, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი T-34 ტანკი მიუძღოდა.
უმთავრესი ყურადღება კი რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და მის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ სისტემებზე - "იარისზე" იყო გამახვილებული. რაც შეეხება ტრადიციულ გადაფრენას წითელი მოედნის თავზე, წელს საზეიმო ღონისძიების ეს ნაწილი გაუქმდა, თუმცა ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. ზოგიერთ რეგიონში 9 მაისის აღსანიშნი ღონისძიებები "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო" საერთოდ გაუქმდა.
რუსეთში 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა. ომში, რომელსაც რუსეთში და საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ყოფილ რესპუბლიკაში, "დიდ სამამულო ომს" უწოდებენ, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მებრძოლთაგან სულ 27 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წლების განმავლობაში, პუტინის მმართველობის პირობებში ამ დღეს პომპეზურად აღნიშნავენ. შარშან, თებერვლის შემდეგ კი ის გამუდმებით ცდილობს უკრაინასა და გერმანიას შორის პარალელის გავლებას და კიევის ხელისუფლებას ნაციზმში ადანაშაულებს.