ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: არავის მიუცია დასავლური უმცირესობისთვის იმის უფლება, რომ დანარჩენი კაცობრიობის სახელით ელაპარაკა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ მსოფლიო ძალებს შორის კონფლიქტის რისკი "ისტორიულად ყველაზე მაღალია". რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ მსოფლიო "სავარაუდოდ იმაზე უფრო საშიშად" ახლოსაა [ომთან], ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო.

გაეროს უსართხოების საბჭოზე, ლავროვის გვერდით მჯდომმა გუტერეშმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის უკრაინაში ომი, რამაც უკრაინას დამანგრეველი შედეგი მოუტანა.

"დაძაბულობა ძირითად ძალებს შორის ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. ასევეა კონფლიქტის ის რისკები, რაც არასწორ გათვლებს მოყვება", - თქვა გუტერეშმა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ყოველ თვეს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აპრილში მისი თავმჯდომარე რუსეთია, შესაბამისად სხდომა სერგეი ლავროვს მიჰყავდა. სხდომაზე ლავროვმა თქვა: "ზუსტად ისე, როგორც ცივი ომის დროს, ჩვენ ახლა საშიშ, შესაძლოა იმაზე საშიშ ზღვარსაც მივაღწიეთ".

"მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, არავის მიუცია დასავლური უმცირესობისთვის იმის უფლება, რომ დანარჩენი კაცობრიობის სახელით ელაპარაკა", - განუცხადა საბჭოს წევრებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის განცხადებების პარალელურად, საბჭოს წევრებმა: ამერიკამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი, რომელიც უკვე 14 თვეა არ შეწყვეტილა.

"ეს არაკანონიერი, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ყველაზე წმინდა პრინციპს: ომი და ტერიტორიული დაპყრობა არასოდესაა მისაღები,” - თქვა ამერიკის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა.

ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის მიერ მოწვეულ სხდომას „თვალთმაქცური" უწოდა. მან ასევე დასძინა, რომ "რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში, უკრაინაში და გაეროს წესდებას გულში [მახვილი] ჩაარტყა, ყველა იმ ღირებულებას, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია. ეს უკანონო, არაროვოცირებული და არასაჭირო ომი პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს მიერ გაზიარებულ პრინციპებს, რომ აგრესია, ომი და ტერიტორიების მიტაცება არასდროსაა მისაღები. დღეს როცა აქ ვსხედვართ ეს აგრესია გრძელდება. დღეს როცა აქ ვსაუბრობთ, რუსული ძალები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. დღეს, როცა აქ ვსხედვართ რუსეთი ანადგურებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას”.

XS
SM
MD
LG