ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელსაც სასამართლოში ბრალს წარუდგენენ


დონალდ ტრამპი ფლორიდიდან ნიუ-იორკში ჩავიდა. 3 აპრილი, 2023 წ. ნიუ-იორკი, აშშ.
დონალდ ტრამპი ფლორიდიდან ნიუ-იორკში ჩავიდა. 3 აპრილი, 2023 წ. ნიუ-იორკი, აშშ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 4 აპრილს, მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადდება. მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ მას ბრალი წაუყენა, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ, ფოტოებს გადაუღებენ და ბრალს ფორმალურად წარუდგენენ.

ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როცა ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტი სასამართლოში ცხადდება და მას სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებას უკითხავენ. ვითარებას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ ექსპრეზიდენტი მონაწილეობს ამერიკის მომავალ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გამოკითხვების მიხედვით, რესპუბლიკურ პარტიაში ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული კანდიდატია.

ტრამპის ბრალდების ტექსტი დალუქულია და მის გახსნას დღეს მოელიან, თუმცა ცნობილია, რომ ის უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მსახიობ სტორმი დანიელისთვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდას. წინასწარი ინფორმაციით, ბრალის წაყენება სასამართლოში ადგილობრივი დროით, 14:15-ზე იგეგმება.

გამოძიების მონაცემებით, დანიელსს $130 000 საპრეზიდენტო კამპანიის ფონდიდან გადაურიცხეს. ბრალდების მხარის თანახმად, ეს ამერიკის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევაა, რადგან თანხის გადახდა საკამპანიო შემოწირულობებიდან მოხდა. მედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საუბარია სამ ათეულზე მეტ დარღვევაზე, რაც საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ლეგალური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გასტანს.

76 წლის დონალდ ტრამპი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პროცესს პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს და მას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

ნიუ-იორკში ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, 3 აპრილს ჩავიდა. მანამდე ის ფლორიდის შტატში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენცაში იმყოფებოდა. "ჩვენი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ და ის კვლავ დიადი გავხადოთ" - დაწერა ტრამპმა ჩასვლისთანავე სოციალურ ქსელში.

პროცესზე მხოლოდ 5 ფოტოგრაფი დაუშვეს, რომელთაც ფოტოების გადაღებისთვის სულ რამდენიმე წუთი ექნებათ. ტრამპის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მედია ბრალის გამოცხადებაზე არ დაეშვათ, რადგან ეს კიდევ უფრო გააუარესებს "ისედაც თითქმის ცირკის მსგავს ატმოსფეროს".

სასამართლოს დასრულების შემდეგ, ოლქის პროკურორი ალვინ ბრაგი, რომელსაც გამოძიება მიჰყავდა, პრესკონფერენციას გამართავს. მხარდამჭერებისადმი მიმართვას ტრამპიც გეგმავს, მას შემდეგ, რაც ის მარ-ა-ლაგოში დაბრუნდება. მისი საარჩევნო კამპანიის ოფისის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი კომენტარებს 20:15-ზე გააკეთებს.

ორივე მხრიდან საპროტესტო აქციების მოლოდინში, ნიუ-იორკში უსაფრთხოება გამკაცრებულია. მანჰეტენის სასამართლოს შენობის ირგვლივ ბარიკადები აღმართეს. "ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივია: თავი გააკონტროლეთ. ნიუ-იორკი ჩვენი სახლია, და არა თქვენი ბრაზის გამოსაფენი სათამაშო მოედანი" - თქვა ქალაქის მერმა ერიკ ადამსმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მანჰეტენის სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთია ტრამპის ბევრ სხვა ლეგალურ პრობლემას შორის. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯორჯიის შტატში არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ასევე - 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მასობრივი თავდასხმის საქმე და საიდუმლო დოკუმენტების არასათანადოდ შენახვის გამო მიმდინარე ფედერალური გამოძიებები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG