ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სამშაბათს ნებაყოფლობით ჩაბარდება, ამბობს მისი ადვოკატი


დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის შემდგომ გამართულ, პირველ დიდ საპრეზიდენტო კამპანიის შეხვედრაზე ტეხასში. ვაკო, აშშ. 25 მარტი, 2023 წ.
დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის შემდგომ გამართულ, პირველ დიდ საპრეზიდენტო კამპანიის შეხვედრაზე ტეხასში. ვაკო, აშშ. 25 მარტი, 2023 წ.

ნიუ-იორკში, მანჰეტენის საოლქო პროკურორის ოფისმა, დაადასტურა რა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდების წაყენების ფაქტი, ასევე განაცხადა, რომ ისინი ბრალდებულის ჩაბარებას მომავალი კვირის დასაწყისში მოელიან. ოფისის პრესსპიკერის განცხადებით, პროკურორებს და ტრამპის ადვოკატთა გუნდს შორის, ამის თაობაზე შეთანხმება უკვე მოხდა.

თავად ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ჯო ტაკოპინამ თქვა, რომ ტრამპი მართლმსაჯულებას "სავარაუდოდ" სამშაბათს ჩაბარდება, ამ ეტაპზე კი ლოჯისტიკური დეტალების დაზუსტება ხდება. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოსთან გარიგება არ მოხდება, რადგან "დანაშაული არ არსებობს". განცხადება ტაკოპინამ "ენ-ბი-სისთან" ინტერვიუში პარასკევს, 31 მარტს გააკეთა.

საინფორმაციო სააგენტო "ასოშეიტედ პრესის" ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავიდან ტრამპის ჩაბარება პარასკევს მოითხოვეს. თუმცა, მისმა ადვოკატებმა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებს იცავს, განაცხადეს, რომ მათ მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდებოდათ. "ასოშეიტედ პრესი" ამბობს, რომ მისი წყაროები ანონიმურობას ინარჩუნებენ, რადგან ამ დეტალების საჯაროდ განხილვის უფლება არ აქვთ.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი აქამდე წაყენებულ ბრალდებას განმეორებით უარყოფდა და საქმეს "პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებდა. ტრამპი ასევე აცხადებდა, რომ მისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლა ისევ ოპონენტ დემოკრატებს დააზიანებს. ტრამპს "სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ სასამართლოში ენერგიულად ვიბრძოლებთ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ" - თქვეს ბრალის წაყენების დადასტურებისას გაკეთებულ განცხადებაში, დონალდ ტრამპის ადვოკატებმა სიუზან ნაჩელესმა და ჯო ტაკოპინამ.

სამშაბათს ტრამპი სამართალდამცავებს ჩაბარდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:10:12 0:00

მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ალვინ ბრეგმა ხუთშაბათს საღამოს ოფისი ისე დატოვა, რომ მას დამატებითი განცხადება აღარ გაუკეთებია.

რას ნიშნავს ნებაყოფლობით ჩაბარება?

ბრალდება დონალდ ტრამპს ვალდებულს ხდის, მივიდეს ნიუ-იორკის საოლქო პროკურორის ოფისში და ჩაბარდეს. მსგავსი გამოცდილება შეერთებული შტატების სასამართლოს არ აქვს. ამერიკის ისტორიაში ტრამპი პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც დანაშაულებრივი ბრალდება ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წარუდგინა. თუმცა, როგორც წესი, ე.წ. „თეთრი საყელოების“ საქმეების წარმოების დროს, ბრალდებულთა ადვოკატები და პროკურორები, პირის სახლში მისვლის და დაპატიმრების ნაცვლად, მისი პროკურორის ოფისში გამოცხადების თარიღზე და დროზე თანხმდებიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ტრამპს თითის ანაბეჭდებს აუღებენ, ფოტოებს გადაუღებენ და ამის შემდეგ ის სასამართლოს სხდომის წინაშე წარსდგება, სადაც ბრალს წაუყენებენ. შემდეგ, სავარაუდოდ, მისი პირადი პასუხისმგებლობით, ყოფილ პრეზიდენტს შინ დაბრუნების უფლება მიეცემა.

ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პროკურორებმა ფლორიდის შტატიდან მისი ექსტრადიცია უნდა მოითხოვონ. ამ შემთხვევაში, ფორმალური თანხმობის გაცემა შტატის გუბერნატორ რონ დესანტისს მოუწევს, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში ტრამპის ოპონენტად განიხილება, თუმცა კონკურენტის კრიტიკით არ გამოირჩევა.

მანჰეტენის საქმე

დონალდ ტრამპს ნიუ-ორკში ბრალი ხუთშაბათს, 30 მარტს, მსახიობ სტორმი დენიელსის გაჩუმების სანაცვლოდ, ფულის გადახდის სავარაუდო დამალვისთვის წაუყენეს. ბრალდების მიხედვით, ეს დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.

ბრალი ტრამპს მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წაუყენა. ეს ნაბიჯი, ბრალდების მხარის თანახმად, ამერიკის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევაა, რადგან თანხის გადახდა საკამპანიო შემოწირულობებიდან მოხდა. ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება წაუყენეს, თანაც მაშინ, როდესაც მას უკვე გამოცხადებული აქვს, რომ თეთრ სახლში მეორე ვადისთვის იბრძოლებს.

დენიელსი პორნოგრაფიული ფილმების მსახიობი და რეჟისორია. მისი ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი. ბრალდების თანახმად, მან ტრამპისგან დუმილის სანაცვლოდ ფული მიიღო 2006 წელს, მასთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის დაფარვის მიზნით. ის ერთადერთი არ არის, ვინც ტრამპს მსგავს ბრალდებას უყენებს.

ნიუ-იორკის საქმეც მხოლოდ ერთ-ერთია იმ სასამართლო საქმეებიდან, რომლებიც ტრამპის გარშემო მიმდინარეობს. მათ შორისაა ჯორჯიის შტატში არჩევნებში ჩარევის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ასევე 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეებზე მიმდინარე ფედერალური გამოძიებები.

ტრამპი, რომელმაც 2016 წელს თქვა, რომ მას შეუძლია საჯაროდ, "მეხუთე ავენიუზე ისროლოს" და ამის მიუხედავად, ის "მაინც არ დაკარგავს ამომრჩევლებს", ახლა სწორედ მანჰეტენის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. საინტერესოა, რომ 5 დასახლებისგან შემდგარ ნიუ-იორკში, რომელთაგან ერთ-ერთი მანჰეტენია, წინა არჩევნებზე ტრამპს ხმა 75%-მა არ მისცა. ნაფიცი მსაჯულებიც, რომლებიც ახლა ტრამპის ბედს გადაწყვეტენ, სწორედ ნიუ-იორკელებისგან იქნება შერჩეული.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG