რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების და რუსეთის უმაღლესმა დიპლომატებმა, ერთმანეთთან პირისპირ პირველად ისაუბრეს. მათი ხანმოკლე დიალოგი ხუთშაბათს, 2 მარტს, დიდი ოცეულის შეხვედრების ფონზე შედგა. მსოფლიოს წამყვანი ეკონონომიკის მქონე ქვეყნები ინდოეთის დედაქალაქ დელიში შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, შეეწყვიტათ ომი უკრაინაში. მან ასევე მოუწოდა მოსკოვს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომელიც "ახალი სტარტის" ხელშეკრულების პირობათა შესრულების შეწყვეტას უკავშირდება.
ამერიკის და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრიდან გამოსვლისას შეხვდნენ და ერთმანეთთან 10 წუთზე ნაკლები დროის მანძილზე ისაუბრეს. რუსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მათ შორის მოლაპარაკება არ გამართულა.
ბლინკენმა მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დაუგეგმავ ხანმოკლე შეხვედრაზე, მან ლავროვს დიპლომატიაში ჩართვისკენ მოუწოდა: "საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, რომ იმის მიუხედავად, თუ რა ხდება მსოფლიოში ან ჩვენს შორის ურთიერთობაში, შეერთებული შტატები ყოველთვის მზად იქნება სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე სასაუბროდ, ისევე როგორც ეს შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა შეძლეს ცივი ომის პერიოდში" - განაცხადა ბლინკენმა.
მანამდე, დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მოუწოდა დანარჩენ ქვეყნებს, გაზარდონ წნეხი მოსკოვზე, რათა მან დაასრულოს კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც უკვე მეორე წელია გრძელდება.
რუსეთი, მეზობელ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს ჯერ ისევ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. დიდი ოცეულის შეხვედრაზე რუსეთმა დასავლეთს ბრალი დასდო იმაში, რომ დიდი ოცეულის სამუშაო გეგმა მათ "სიყალბედ" აქციეს.
მოსკოვის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დასავლეთის ქვეყნების დელეგაციები ცდილობენ საკუთარი ეკონომიკური "ჩავარდნების" პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალონ. სერგეი ლავროვმა დასავლეთი გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების გამოწვევაში დაადანაშაულა.
"სამწუხაროდ, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ დაჩრდილა რუსეთის არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა ენტონი ბლინკენმა დიდი ოცეულის შეხვედრაზე. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებმა მოუწოდონ რუსეთს, "დაასრულოს აგრესიის ომი და გავიდეს უკრაინიდან საერთაშორისო მშვიდობის და ეკონომიკური სტაბილურობისთვის".
ბლინკენს მხარი დაუჭირეს გერმანიის, საფრანგეთის და ჰოლანდიის საგარეო უწყებათა წარმომადგენლებმა. "სამწუხაროდ, დიდი ოცეულის ერთი წევრი ხელს უშლის დანარჩენ 19-ს იმაში, რომ მათი კონცენტრაცია იმ საკითხებისკენ იყოს მიმართული, რისთვისაც დიდი ოცეული შეიქმნა" - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მანაც მოუწოდა ლავროვს და კრემლს, დაუბრუნდეს "ახალი სტარტის" ხელშეკრულების პირობების შესრულებას და განაახლოს დიალოგი შეერთებულ შტატებთან.
Facebook Forum