ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ეს "შორეულ პერსპექტივაში" მოხდება. იენს სტოლტენბერგის თქმით, ამ ეტაპზე, როცა ქვეყანას რუსეთი უტევს, მთავარი საკითხი კიევისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.
სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან აღნიშნული განცხადება სამშაბათს, 28 თებერვალს გააკეთა. პრესკონფერენცია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გაიმართა. "ახლა მთავარია, უკრაინამ უპირატესობა მოიპოვოს და დარჩეს სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, შესაბამისად, ჩვენ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ" - თქვა სტოლტენბერგმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი გასული წლის 24 თებერვალს თავს დაესხა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს და მასთან სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანება ითხოვა. კიევმა ევროკავშირის წევრობაზეც შეიტანა განაცხადი და გასული წლის ივნისში ბლოკში კანდიდატის სტატუსი მიიღო.
რუსეთი უკრაინაში ერთი წლის წინ დაწყებულ ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომლის მიზანიც უკრაინის "დენაციფიკაცია" - ე.წ. ნაცისტებისგან გათავისუფლებაა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კიევმა თავდასაცავად დასავლეთის მხრიდან ფართო მხარდაჭერა და შეიარაღება მიიღო, მოსკოვი ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის ეგზისტენციალურ ბრძოლად შეფუთოს, რომლის მიზანიც დასავლეთის და ნატოს მის საზღვრებთან გაფართოების შეჩერებაა.
Facebook Forum