შეერთებული შტატების F-22 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა ალასკის შტატის თავზე მფრენი უცნობი ობიექტი ჩამოაგდო. ის მომცრო მანქანის ზომის იყო. თეთრი სახლის განცხადებით, პარასკევს, 10 თებერვალს ამის თაობაზე განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერჯერობით ობიექტის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის. თუმცა, ვაშინგტონი სავარაუდოდ მეტ ინფორმაციას მას შემდეგ მოიპოვებს, რაც ამერიკის ტერიტორიული წყლებიდან ობიექტის ნარჩენებს ამოიღებს.
ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ საიდან მოხვდა ეს ობიექტი შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეში. "ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ობიექტის მფლობელი", - ამბობს კირბი.
ჩამოგდების შემდეგ, ის ალასკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კანადის საზღვრის მახლობლად, წყალში ჩავარდა. ამერიკელი პილოტის შეფასებით, ობიექტზე ადამიანი არ იმყოფებოდა.
პენტაგონში ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევას განსხვავებულად მიუდგება. ამ შემთხვევაში, ობიექტი სხვა თვითმფრინავებს პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა და ამიტომ მისი ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღეს. ჟურნალისტის კითხვაზე, დაუკავშირდნენ თუ არა ისინი ჩინეთს ობიექტის შემჩნევისას, პასუხი უარყოფითი იყო.
სულ რამდენიმე დღის წინ, 4 თებერვალს, შეერთებულმა შტატებმა ჩინური სათვალთვალო ბუშტის ფორმის აეროსტატი ჩამოაგდო. ისიც ამერიკის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე მოძრაობდა. ახალ ობიექტზე საუბრისას, კირბის სიტყვა "ბუშტი" არ უხსენებია. მისი თქმით, ახალი ობიექტი ამერიკელთა ყურადღების ცენტრში ხუთშაბათს საღამოს მოექცა.