პელე, ბრაზილიელი ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა და მიუხედავად გაჭირვებისა, მოახერხა თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე ცნობილ ფეხბურთელად ქცეულიყო, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა ინსტაგრამზე ხუთშაბათს გაავრცელა.
ბოლო თვეების განმავლობაში ის ხშირად იმყოფებოდა საავადმყოფოში. მას მსხვილ ნაწლავზე სიმსივნე აღმოაჩნდა.
პელემ, რომლის სრული სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუა, მისი კარიერის მანძილზე რეკორდული რაოდენობის, 1281 გოლი გაიტანა და ერთადერთია, ვინც სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის თასი.
ვირტუოზული უნარებით და გამარჯვებულის ღიმილით ცნობილმა ბომბარდირმა, ჯადოსნური ფეხბურთის თამაშთან ერთად, ხელი შეუწყო ფეხბურთის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სპორტად ჩამოყალიბებას, როგორც მოთამაშემ და როგორც ფეხბურთის ელჩმა.
პელე, 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა, მინას-ჟერაისის შტატის, პატარა ქალაქ ტრეს კორასოინსში. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ თამაში მამისგან ისწავლა, ნახევრად პროფესიონალი მოთამაშისგან, რომლის კარიერაც მუხლის ტრავმის გამო ჩავარდა.
მისი ახალგაზრდობის ზოგიერთ ასპექტზე მითები დადის, მათ შორის იმაზე, საიდან მოდის მისი მეტსახელი.
პელეს ბოლო წლებში ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები ჰქონდა. ის ნაკლებად ჩანდა საჯაროდ, თუმცა რჩებოდა აქტიური სოციალურ ქსელებში. პელეს დარჩა ექვსი ცნობილი შვილი. მეშვიდე, რომელსაც ის წლების განმავლობაში არ ცნობდა, 2006 წელს კიბოთი გარდაიცვალა.
Facebook Forum