საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა 28 დეკემბერს და მათთან განიხილა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, რომ შეხვედრის ფარგლებში, ბრეგაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.
„იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დიპლომატებთან მინისტრის შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე გაიმართა, რომელზეც სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების ან მისთვის სასჯელი გადავადებაზე უნდა იმსჯელოს.