ოთხშაბათს, პაპმა ფრანცისკემ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაქირავებული მებრძოლების გამოყენება. პაპი ამბობს რომ ისინი მოსახლეობის მიმართ „დიდ სისასტიკეს“ იჩენენ. პაპს კონკრეტულად რუსეთი არ უხსენებია და დეტალებში არ შესულა.
საერთო აუდიენციის ბოლოს საუბრისას მან თქვა: „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ილოცონ მარტვილი უკრაინისთვის. მოდით, უფალს ვთხოვოთ მშვიდობა ამ გაჭირვებული ხალხისთვის, რომელიც ამდენი სისასტიკით იტანჯება, ამდენი სისასტიკით იმ დაქირავებულებისგან რომლებიც ომს აწარმოებენ“.
ევროკავშირი და აშშ რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის ჯგუფს“ ბრალს სდებდა, რომ ის ატარებდა ფარულ ოპერაციებს უკრაინაში, სადაც თებერვალში რუსული ძალები შეიჭრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ჯგუფი სახელმწიფოს არ წარმოადგენს, მაგრამ კერძო სამხედრო კონტრაქტორებს უფლება აქვთ მსოფლიოში ნებისმიერ ადგილზე იმუშაონ იმ პირობით, თუ რუსეთის კანონს არ დაარღვევენ.