ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი უკრაინის ომში დასავლეთის დადანაშაულებას აგრძელებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში ათწლეულის წინაშეა. მისი თქმით, ამას დასავლური ელიტების მცდელობა იწვევს, თავიდან აიცილონ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გლობალური დომინირების გარდაუვალი ნგრევა.

ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების შესახებ საუბრისას, რომელიც მან უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი თამაშობს „საშიშ, სისხლიან და ბინძურ“ გეოპოლიტიკურ თამაშს, რომელიც მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს.

ვალდაის დისკუსიის ჯგუფის წინაშე გამოსვლისას, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთს მოუწევს რუსეთთან და სხვა დიდ სახელმწიფოებთან საუბარი მსოფლიოს მომავალზე. „მსოფლიო ცხოვრებაში დასავლეთის დომინირების ისტორიული პერიოდი დასასრულს უახლოვდება“, - განუცხადა პუტინმა, ვალდაის სადისკუსიო კლუბს.

„ჩვენ ვდგავართ ისტორიის ზღვართან, წინ არის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალბათ ყველაზე საშიში, არაპროგნოზირებადი და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი ათწლეული“, - თქვა მან.

რუსეთმა 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი არაპროვოცირებული ომი წამოიწყო უკრაინაში, რომელსაც 8 თვის განმავლობაში, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კითხვაზე პოტენციური ბირთვული ესკალაციის შესახებ, პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იარსებებს მანამ, სანამ ბირთვული იარაღი არსებობს.

რუსი დისიდენტის და მწერლის ალექსანდრე სოლჟენიცინის 1978 წლის ჰარვარდის ლექციაზე ციტირებით, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთს ღიად რასისტული მიდგომა აქვს და "ზემოდან უყურებს მსოფლიოს სხვა ხალხებს".

„მსოფლიოზე ძალაუფლება არის ის, რაც ე.წ. დასავლეთმა დადო სასწორზე ამ თამაშში - მაგრამ ეს თამაში საშიშია, სისხლიანი და მე ვიტყოდი ბინძური“, - თქვა მან.

"მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა საღი აზრის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებს და დასავლეთს მოუწევთ თანასწორი საუბარი გამართონ მომავალზე“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა უკრაინაში კონფლიქტი შეაფასა, როგორც ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის, "სიდიდით მეორე სლავური ქვეყნის" ბედისთვის. მისი თქმით, ეს ნაწილობრივ "სამოქალაქო ომია", რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.

პუტინმა თქვა, რომ მუდმივად ფიქრობს რუსეთის დანაკარგებზე უკრაინაში. მაგრამ მხოლოდ რუსეთს შეუძლია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტირება.

XS
SM
MD
LG