სვეტლანა ციხანუსკაია, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ახლა დევნილობაშია, ამბობს, რომ ბელარუსის ჯარისკაცებმა უნდა დაყარონ იარაღი იმ შემთხვევაში, თუ მათ რუსეთის ზეწოლის ქვეშ, უკრაინაში საბრძოლველად გაიწვევენ.
8 თვის წინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ბელარუსი ჯარისა და ტექნიკის ერთგვარ პლატფორმად გამოიყენა. დღემდე, უკრაინული მხარე ბელარუსს ადანაშაულებს, რომ მინსკი რუსეთს უკრაინის დასაბომბად ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების საშუალებას აძლევს. არსებობს იმის შიშიც, რომ ბელარუსი შესაძლოა ომში ჩაერთოს და უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ჯარს შეუერთდეს.
ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანუსკაია, რომელიც 2020 წლიდან დევნილობაშია და ამჟამად ლიეტუვაში ცხოვრობს, ამბობს, რომ ბელარუსის მთავრობა მოსკოვის ტყვეა. ციხანუსკაია ამბობს, ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის წინააღმდეგია.
"თუ ისე მოხდება, რომ ზეწოლის, მუქარის ქვეშ, ბელარუსის ჯარს გაიწვევენ, ამ შემთხვევაში მოვუწოდებდი ჯარისკაცებს, რომ დაყარონ იარაღი, შეუერთდნენ პარტიზანებს, შეიცვალონ მხარე და შეურთდნენ უკრაინელ სამხედრობს",- თქვა ციხანუსკაიამ.
ოპოზიციის ლიდერის თქმით, "ლუკაშენკო, რა თქმა უნდა, კრემლზეა დამოკიდებული". ციხანუსკაია ამბობს, რომ ბელარუსი ეკონომიკისა და ენერგეტიკის კუთხით, მყარადაა დაკავშირებული რუსეთთან.
ბელარუსი ომის დაწყების პირველივე დღიდან მხარს უჭერდა რუსეთს. გასულ კვირას, ლუკაშენკოს ბრძანებით, ბელარუსის ჯარების ნაწილი უკრაინის საზღვართან გადაისროლეს. ეს კი მისი თქმით, პასუხია იმ "აშკარა საფრთხეზე", რაც ბელარუსს კიევისგან და მისი დასავლელი მხარდამჭერებისგან ემუქრება.