ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის "აშკარად ცრუ" ბრალდებას დასცინა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასცინა რუსეთის „აშკარად ცრუ ბრალდებებს“, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა კიევის მიმართ, რომელიც ქვეყანაში შეჭრილ რუსული ძალების მოსაგერიებლად იბრძვის.

„შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს აშკარად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად ემზადება და მსოფლიო რუსეთის მიერ ამ ბრალდების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, [ომის] ესკალაციის საბაბად შეაფასებს,“ უთხრა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას იმ სატელეფონო საუბრის ამონაწერის მიხედვით, რომელიც მათ შორის 23 ოქტომბერს შედგა.

ბლინკენი მიანიშნებდა შოიგუს ბოლოდროინდელ კომენტარებზე, რომ რუსეთი „შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციებით.“

შოიგუმ ეს კომენტარები თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკართან, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესთან და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუსთან სატელეფონო საუბრებისას გააკეთა. შოიგუს თავის განცხადებების მხარდასაჭერად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

„ბინძური ბომბი“ არის ასაფეთქებელი მასალის - როგორიცაა დინამიტი - და რადიოაქტიური მტვრის ან გრანულების ნარევი. როდესაც დინამიტი ან სხვა მასალა ფეთქდება, აფეთქების ტალღა რადიოაქტიურ მასალას გარშემო ავრცელებს.

XS
SM
MD
LG