ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისი ქვეყნის ათასობით ჯარისკაცი რუს ჯარისკაცებთან ერთად ახალ სამხედრო გაერთიანებას შექმნის, ნაკლებ სავარაუდოა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ 70 000 ბელარუსი ჯარისკაცი 15 000 რუს ჯარისკაცთან ერთად ერთობლივი "ძალების ჯგუფს" შექმნის. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო კი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მიუხედავად რუსი ჯარისკაცების ბელარუსში ჩასვლის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებისა, "ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთმა რეალურად განათავსა ჯარისკაცების საგულისხმო რაოდენობა ბელარუსში".
"რუსეთს სავარაუდოდ არ შეუძლია საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ამ მასშტაბის სამხედრო შენაერთების ფორმირება: მისი ძალები უკრაინისკენაა მიმართული. ბელარუსის არმიას სავარაუდოდ, მინიმალური შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ კომპლექსური ოპერაცია ჩაატაროს", - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების განმარტებითვე, რუსეთისა და ბელარუსის ძალების გაერთიანების შესახებ განცხადებები სავარაუდოდ მიზნად უკრაინის წაქეზებას ისახავდა. შესაძლოა ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კიევმა ძალები ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად გადაისროლოს.
პარასკევს უკრაინულ ქალაქებში კვლავ აფეთქებების ხმა ისმოდა, მათ შორის ხარკივსა და ზაპორიჟიაში. პენტაგონმა კი განაცხადა, რომ უკრაინაში ირანის სამხედრო წარმომადგენლები რუს სამხედროებს ირანული დრონების მართვას ადგილზე ასწავლიან. ამ დრონების სამიზნე უკვე გახდა ქვეყნის არაერთი ენერგო-ობიექტი. პენტაგონის პრეს-სპიკერის, პეტ რაიდერის თქმით, როცა რუსეთი ირანული წარმოების დრონების გამოყენებას უარყოფს, "ცხადია, რომ ისინი ცრუობენ". მისი განმარტებით, რუსეთმა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას იარაღის მარაგის შესავსებად მიმართა.