თეირანში, ევინის ციხეში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია სულ ცოტა, 4 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაშავებულია.
დაშავებულ პატიმართაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოს რეანიმაციურ განყოფილებაში არიან გადაყვანილნი, სამთავრობო მედიის ცნობით, მათმა ნაწილმა გაქცევა სცადა.
ციხეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძირითადად, პოლიტპატიმრები და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
სააგენტო „მიზანის“ ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ექიმებმა ხანძრის დროს დაშავებულთა ნაწილის გადარჩენა ვერ შეძლეს. სააგენტოს ინფორმაცით ყველა დაღუპული ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული და მათ შორის პოლიტპატიმრები არ არიან.
„მიზანის“ ინფორმაციით ხანძარი ციხეში პატიმრების დაპირისპირების დროს გაჩნდა. სამთავრობო მედია პირველივე საათებში იტყობინებოდა რომ დაშავებული იყო 9 ადამიანი, თუმცა შემდეგ რიცხვი გაიზარდა. მომხდარის შესახებ ამ დრომდე მწირი ინფორმაციაა, თეირანის ოფიციალური ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებლად ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლებშიც დამწვარი შენობის ნაწილი ჩანს, ნათქვამია, რომ ეს ციხის სამკერვალო იყო.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არეულობა 15 ოქტომბერს, ციხის მეშვიდე განყოფილებაში დაიწყო. ამ ნაწილში იმყოფებოდნენ ის პირებიც, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო გამოსვლების დროს დააკავეს.
ევინის ციხიდან, ხანძრის შემდეგ რამდენიმე პოლიტპატიმარმა ოჯახს დაურეკა, მათ შორის, იყო კინორეჟისორი, ჯაფარ პანაჰი. მისი თქმით, ის და კინორეჟისორი მოჰამედ რასულოფი კარგად არიან. მისივე თქმით, ციხეში არეულობის დროს ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ევინის ციხეში იმყოფება ამერიკელი ირანელი საიმაკ ნამაზიც, როგორც ცნობილია ის თავს კარგად გრძნობს. ადვოკატების ინფორმაციით პატიმრობაში მყოფი ნამაზი უკვე ესაუბრა ოჯახის წევრებს და ის ახლა ციხიდან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ევროკომისარმა ბორელმა მიმართა თეირანს დაიცვას დაკავებულთა უფლებები და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.
ირანში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ჯერ მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა, რის შემდეგაც პატიმრობაში გადაყვანის შემდეგ ის გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გულის შეტევა იყო, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ამინს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ვაშინგტონი ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ გაკვირვებულია იმ ადამიანთა რაოდენობით, რომლებიც თეირანში აქციებს მართავენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი თქვა, რომ ახლა ირანელი ხალხის დახმარებაა ამერიკის პრიორიტეტი და არა ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკება.
ოფიციალური თეირანი აქციებს ირანში საზღვაგარეთიდან მართულად მიიჩნევს და აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას იყენებს.
მთავრობის ქმედებების მიუხედავად, აქციები ირანში გრძელდება და იზრდება როგორც დაკავებულთა ასევე დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა. მშვიდობიან გამოსვლებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა.
Facebook Forum