ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის მიმართვის შემდეგ მოსკოვიდან თბილისისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსკოვი-თბილისის, მოსკოვი-ბათუმის და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებებით ავიაბილეთების ყიდვა 1 ოქტომბრამდე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება. რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გზით მოხვედრა მხოლოდ მესამე, სატრანზიტო ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

საქართველოს გარდა, ავიაბილეთების მასობრივად შეძენა დაიწყეს მოსკოვიდან თურქეთისა და სომხეთის მიმართულებებითაც. სამივე ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაა.

მოსკოვიდან საქართველოში მგზავრები (სომხეთის გავლით) ჩამოჰყავს ერთადერთ ქართულ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" - კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, მასალაზე მუშაობის დაწყებისას [13:30 სთ], მოსკოვი-თბილისის რეისზე 27 სექტემბრის ბილეთები ხელმისაწვდომი იყო, დაახლოებით 45 წუთში კი [14:16 საათზე], 1 ოქტომბრამდე ყველა ბილეთი გაიყიდა.

ბელარუსის ეროვნული ავიაკომპანია "ბელავიას" ბილეთები თვის ბოლომდე უკვე სრულად არის გაყიდული - კომპანია მოსკოვიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით დაფრინავს.

ბილეთები 26 სექტემბრამდე გაყიდულია Turkish Airlines-ის მოსკოვი-თბილისის რეისზეც, 26 სექტემბრიდან კი ერთი გზა 1700 დოლარზე მეტი ღირს. დაახლოებით ამ ფასად შეიძლება მოსკოვიდან ბათუმში ჩაფრენა 22 სექტემბერს, თუმცა მგზავრობის ხანგრძლივობა 18 საათზე მეტია.

Georgian Airways-ის, Belavia-სა და Turkish Airlines-ის ბილეთები თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით (მესამე ქვეყნის გავლით) ხელმისაწვდომია ნებისმიერ დღეს, როცა ფრენა სრულდება.

უახლოესი თარიღით ბილეთები დარჩენილია Flydubai-ზე - 23 სექტემბერს 1 გზა 1106 აშშ დოლარი ღირს, რაც სამჯერ აღემატება "ჯორჯიან ეარვეისის" სტანდარტულ ფასს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

ახლა, როცა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ამის გამო ქვეყნის დატოვებაზე შეზღუდვა არ ამოქმედებულა. მათი ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ უწყების მიღების შემდეგ მოქმედებს.

რუსეთის რკინიგზაშიც არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მათი ბილეთების შეძენა სამხედრო ასაკის კაცებს მხოლოდ სამხედრო კომისარიატიდან ცნობის წარდგენის საფუძველზე შეუძლიათ.

XS
SM
MD
LG