ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონის პოლიცია: დედოფლის დაკრძალვის ცერემონია უსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოცდა იქნება


ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ დედოფალ ელისაბედის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია, როდესაც პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები და სამეფო ოჯახები ბრიტანეთის მონარქისთვის პატივის მისაგებად ორშაბათს შეიკრიბებიან, დაკავშირებულია უსაფრთხოების უდიდეს ოპერაციასთან, რაც კი ლონდონის პოლიციას ოდესმე ჰქონია.

მოელიან, რომ დედოფლის დაკრძალვა ლონდონის ქუჩებში ასობით ათას ადამიანს გამოიყვანს, როგორც ეს ბრიტანეთის ისტორიაში სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს იყო, მათ შორის როგორც 1953 წელს - დედოფლის კორონაციის, 1965 წელს - ყოფილ პრემიერ უინსტონ ჩერჩილის დაკრძალვის და 1997 წელს - პრინცესა დიანას დაღუპვის დროს მოხდა.

ლონდონის პოლიციის კომისრის მეორე თანაშემწემ სტიუარტ კუნდიმ თქვა, რომ პოლიცია ემზადება მრავალგვარი მოვლენებისთვის, ტერორიზმის საფრთხიდან პროტესტებამდე და ბრბოების დაშლამდე.

მან თქვა, რომ ლონდონის პოლიცია, მისი თითქმის 200 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქალაქის ქუჩებში პოლიციელების ყველაზე დიდ რაოდენობას გამოიყვანს. ამასთან ერთად, ქვეყნის თითქმის ყველა პოლიციის სამსახური, ლონდონში თავის თანამშრომლებს მიავლენს.

სპეციალისტ პოლიციელთა შორის იქნებიან მყვინთავები, პოლიციელები ძაღლებით, ცხენოსანი პოლიციელები, ესკორტის მოტოციკლისტები, შეიარაღებული პოლიციელები და პირადი მცველები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ლიდერებს და სამეფო ოჯახების წევრებს დაიცავენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არიან ყველაზე მაღალი რანგის იმ სტუმრებს შორის, რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან

XS
SM
MD
LG