ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ოთხშაბათს თავისი კაბინეტის მინისტრებს ახალ რანგში პირველად შეხვდა. ტრასის კაბინეტი გენდერულად და ეთნიკურად გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში უპრეცედენტოდ მრავალფეროვანია.
ლიზ ტრასს ამ კვირაში თემთა პალატაში ოპონენტების შეკითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. 47 წლის პოლიტიკოსი დედოფალმა პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად სამშაბათს, 6 სექტემბერს დანიშნა. ერთი დღით ადრე, მან კონსერვატიული პარტიის შიდა არჩევნებში გაიმარჯვა.
ტრასმა ფინანსთა მდივნად ქვასი ქვორთენგი დანიშნა. ეს კაბინეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია. ქვეყანა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგოკრიზისთან გამკლავებას ცდილობს. ბრიტანეთის მოსახლეობას მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გადახდა უწევს. ქვორთენგი პირველი შავკანიანი პოლიტიკოსია, რომელმაც ბრიტანეთში ეს პოსტი დაიკავა.
ტრასის ახლო მოკავშირე ტერეზ კოფი კი ბრიტანეთის პირველი ქალი ვიცე-პრემიერი გახდა. ის ჯანდაცვის სამინისტროსაც ხელმძღვანელობს.
ბრიტანეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის უმთავრესი სამინისტროების ლიდერის პოსტებზე თეთრკანიანი მამაკაცები არ არიან. საგარეო საქმეთა მდივანი ჯეიმს კლევერლი გახდა, რომლის დედაც წარმოშობით სიერა-ლეონედანაა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი სუელა ბრეივერმენი გახდა, რომელსაც ინდური წარმომავლობა აქვს. ისვე იქნება პასუხისმგებელი იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პრემიერის პოსტზე პირველად სიტყვით გამოსვლისას, ტრასმა თქვა, რომ ის ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, გადასახადებს შეამცირებს, მეტ ყურადღებას დაუთმობს ენერგოკრიზისთან გამკლავებას და სხვა საკითხებს. თუმცა, უფრო კონკრეტული გეგმების შესახებ ის სავარაუდოდ ხუთშაბათს ისაუბრებს. "ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს იმ გამოწვევებმა, რომელთა წინაშეც ვართ. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს შტორმი, ვიცი, ბრიტანელი ხალხი უფრო ძლიერია", - თქვა ტრასმა.