აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, მათ ჰქონდათ სამხილები იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეგნებულად დაუმალეს საიდუმლო დოკუმენტები, როდესაც ბიურომ ივნისში, დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლიდან მათი ამოღება სცადა. ამ გარემოებამ კი ყოფილი პრეზიდენტის სახლის უპრეცედენტო ჩხრეკა გამოიწვია.
პროკურორებმა 54-გვერდიან შუამდგომლობაში, რომელიც სამშაბათს წარადგინეს, მართლმსაჯულებისთვის დაბრკოლებების შექმნის მათ ხელთ არსებული სამხილები ჩამოაყალიბეს. ეს პირველად ხდება, როდესაც ტრამპის თანაშემწეებს საჯაროდ ბრალს სდებენ, რომ ივნისში ყალბად დაადასტურეს ყოფილი პრეზიდენტის მიერ, მის სახლში შენახული ყველა სამთავრობო ჩანაწერის დაბრუნების ფაქტი.
დოკუმენტი ასევე ამბობს, რომ ტრამპის ადვოკატებმა ივნისში, როდესაც ბიუროს აგენტები მარალაგოს სახლში ჩანაწერების ამოსაღებად მივიდნენ, „მთავრობის პერსონალს პირდაპირ აუკრძალეს ყუთების გახსნა ან ნებისმიერ ყუთში ჩახედვა“.
იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სასამართლოში შუამდგომლობის შეტანა, ხუთშაბათს დაგეგმილი სასამართლო მოსმენის წინ მოხდა. მოსმენაზე საოლქო მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ტრამპის შუამდგომლობაზე, დაინიშნოს დამოუკიდებელი არბიტრი, ე.წ. საგანგებო მაგისტრი, რომელიც საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. საუბარია მარალაგოს სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული დოკუმენტების, რომელთაგან ზოგიერთს გრიფი „საიდუმლო“ აქვს, საიდუმლოების დაცვის პრივილეგიის საკითხის გადამოწმებაზე.
საგანგებო მაგისტრი არის დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელსაც მგრძნობიარე საქმეების განხილვისას ხანდახან სასამართლო ნიშნავს. ის შეამოწმებს მასალებს, რომლებიც პოტენციურად ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალურობის პრივილეგიას ექვემდებარება, რათა უზრუნველყოს, რომ გამომძიებლები ამ მასალებს კანონთან შეუსაბამოდ არ ნახავენ.
იუსტიციის დეპარტამენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ საგანგებო მაგისტრის დანიშვნას ეწინააღმდეგება. პროკურორები აცხადებენ, რომ დანიშვნას საფუძველი არ აქვს, რადგან ჩანაწერები „მას არ ეკუთვნის“.