ესტონეთის ქალაქ ნარვაში, რომელშიც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, ყველა საბჭოთა პერიოდის მემორიალი მოიხსნება. გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ დღეს მიიღო და განმარტა, რომ რუსეთი დღესაც ცდილობს წარსულის გამოყენებას ესტონელი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების მიზნით.
ნარვაში დღეს ამწეებით უკვე მოხსნეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ტანკი. დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიას სამხედროები და პოლიცია აკონტროლებდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ნარვა რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს მდებარეობს. იქ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით სამი მეოთხედი ეთნიკური რუსია.
ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, 24 თებერვლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა მეზობელ უკრაინას, კიევის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მხარდამჭერია. ტალინში ფიქრობენ, რომ რუსეთის შემდგომი სამიზნე შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნები - ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია - იყოს.
მთლიანად ესტონეთში მოსახლეობის თითქმის მეოთხედი, დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი რუსულენოვანია. მთავრობა ცდილობდა მათთვის ანგარიში გაეწია და ზოგან საბჭოთა მემორიალების ნაწილი, რომელთაც ისინი პატივს სცემენ, არ მოეხსნა. თუმცა ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტალინი შიშობს, რომ რუსული უმცირესობა კვლავ საბჭოთა წარსულის გავლენის ქვეშ ექცევა.
ესტონეთს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიაც შეიჭრა და საბჭოთა კავშირიც, მეომრები კონფლიქტის ორივე მხარეს ჰყავდა. ომი ესტონეთის გასაბჭოებით და რუსეთის მრავალწლიანი ოკუპაციით დასრულდა, რომლის დროსაც ათასობით ესტონელი ციმბირში გადაასახლეს.