ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, პუტინს ექნება დასტური, რომ ძალადობა მუშაობს" - სტოლტენბერგი


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ალიანსს ორი ამოცანა აქვს - მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოახდინოს პროვენცია, კონფლიქტი არ გადაიზარდოს ნატოსა და რუსეთს შორის ომში.

იენს სტოლტენბერგმა განცხადება ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ვიზიტისას გააკეთა და თქვა, რომ ნატოს მორალური პასუხისმგებლობა იყო, დახმარებოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

„ჩვენ ვხედავთ ომის მოქმედებებს, სამოქალაქო პირებზე თავდასხმას, განადგურებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. არ შეგვიძლია, ამის მიმართ ინდიფერენტულები ვიყოთ“ - ამბობს სტოლტენბერგი. გენერალური მდივნის განცხადებას, ნატოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, სამყარო კიდევ უფრო საშიში ადგილი გახდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი სასურველის მიღებას სამხედრო ძალის გამოყენებით შეძლებს.

„თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, მას [ვლადიმირ პუტინს] ექნება დასტური, რომ ძალადობა მუშაობს. ამის შემდეგ კი, შემდეგი შესაძლოა სხვა მეზობელი ქვეყნები იყოს“ - ამბობს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს ურყევ გადაწყვეტილებას, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის წევრი 30-ვე ქვეყანა დაიცვას. "თუ პრეზიდენტი პუტინი თუნდაც ფიქრობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ გაიმეორებს იგივეს, რაც მან საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაუკეთა, მაშინ ნატო დაუყოვნებლად ჩაერევა", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG