პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საქართველოსთან მიმართებით არსებული ერთ-ერთი პირველი გამოწვევაა, კვლავაც მძლავრადაა შენარჩუნებული. პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზაციას, უკანასკნელ პერიოდში ახალი წახნაგი შეემატა, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან ხისტი დამოკიდებულებითაა გამოხატული. აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ მხრიდან წნეხის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიცვა. პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ელჩს სრული მხარდაჭერა აქვს და რომ აშშ საქართველოს მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. ელჩი დეგნანი ერთადერთი დიპლომატი არაა, ვის მიმართაც მწვავე დამოკიდებულებას აფიქსირებს მმართველი გუნდი. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, რომელმაც დიპლომატიური მისია ორი დღის წინ ამოწურა, ასევე კრიტიკის ობიექტად იქცა. ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მის შესახებ განაცხადა, რომ „არასაკმარისად იშრომა“ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიმართულებით.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რასაც ძალიან აფასებს. სტრატეგიული პარტნიორის დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ დამოკიდებულება კი ოპოზიიციის ზოგიერთი ნაწილისა და „მის მიერ მართული მედიის“ შრომის ნაყოფით ახსნა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას, მინდა, გამოვეხმაურო. ჩვენი ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა შეურაცხყოფის, ან თავდასხმის ფაქტი და შემთხვევა აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებზე, თუ დიპლომატებზე და მინდა გითხრათ, რომ ასეთი არც მომავალში არ მოხდება. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორისაა. ჩვენი შიდა თუ გარე მტრების ინტერესებში არის, რომ ეს საკითხი იყოს მედიის ზედაპირზე მუდმივად, რომ იყოს ბრალდებები, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას აქვს რამე პრობლემა დასავლეთთან“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გიგი გიგიაძე, ყოფილი ელჩი, რომელსაც პოსტის დატოვება საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების გამო მოუწია, „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ახლა დროის დაკარგვა დიდი შეცდომაა, ვინაიდან საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. 2022 წლის ბოლოსა და 2023 წლის დასაწყისში მან უნდა ჩააბაროს ტესტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია კი დროს, რომელიც ინტენსიური მუშაობისთვის უნდა ხარჯავდეს, უბრალოდ კარგავს კინკლაობაში და რაც ყველაზე უარესია, საერთაშორისო პარტნიორების უსაფუძვლო კრიტიკაში.
„ჩვენ გვესმის ძალიან მძაფრი რიტორიკა საქართველოს ხელისუფლების მხირდან არა მხოლოდ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართაც. ეს, ცხადია, არის ძალიან არასასურველი განვითარება ჩვენს ურთიერთობებში დასავლეთთან. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის იმ პროცესს, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. შეუძლებელია სხვანაირად აიხსნას ის მძაფრი გამონათქვამები, ის მოწოდებები, რაც ისმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ახლა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად, ყველა იმ პუნქტის შესრულება, რაც ჩვენ განგვისაზღვრა ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ, მიმდინარე წლის 23 ინვისის გადაწყვეტილებით. სხვა დეტალებზე, სხვა ნიუანსებზე დროის დაკარგვა, ჩემი აზრით, არის სრულიად დაუშვებელი.“
ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის დეპუტატი „ლელოდან“ „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ინტერესს, იმით, რომ ცდილობს ურთიერთობა გაიფუჭოს დასავლელ პარტნიორებთან. მათი მხარდაჭერის გარეშე კი გამკლავება რუსეთიდან მომდინარე სირთულეებთან შეუძლებელია.
„თუ საქართველომ დაკარგა დასავლელი პარტნიორების პერსონალური და ინსტიტუციური მხარდაჭერა და გულშემატრივრობა, თუ ამ ადამიანებს გული აუცრუვდებათ საქართველოზე, რაზეც ყოველდღიურად მუშაობს ხელისუფლება, ჩვენ დავკარგავთ დასავლეთის მხარდაჭერას. ისინიც ადამიანები არიან და როდესაც ადამიანებს მუდმივად თავს ესხმი და აბრალებ ათას სისაძაგლეს, გამორიცხული, მართლა, არაფერია. მუდმივი თავდასხმებით, შეიძლება, ჩატყდეს ის ხიდი, რაც 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ადამიანებს უშენებიათ ორი ქვეყნის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის“, - გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.
დეპუტატი, ამავდროულად, იმ დადებით მომენტსაც აღნიშნავს, რომ საპასუხო რეაქციებში, იქნება ეს ნედ პრაისის, თუ ევროპარლამენტარების გამოხმაურებები, ერთმანეთისგანაა გამიჯნული. „ისინი მკაფიოდ მიჯნავენ ერთმანეთისგან ხალხსა და ხელისუფლებას და ამბობენ, რომ მიუხედავად ხელისუფლების მავნებლური, დეზინფორმაციული, შეურაცხყოფასა და ტყუილზე დაფუძნებული თავდასხმებისა, ჩვენ საქართველოს მარტო არ დავტოვებთ, არც რუსეთის და არც სხვა საფრთხეების პირისპირ. ესაა მნიშნვნელოვანი, რადგან ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედება, რომ საქართველო დარჩეს მეგობრების გარეშე, დასრულდება კრახით. საქართველო არ დარჩება მეგობრების გარეშე“,- გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.
საქართველო, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, პოლიტიკური კაპიტალის დეფიციტის პირობებში აღმოჩნდება. ამ დროისთვის, დიპლომატიური ხასიათის უხერხულობების ჩამონათვალს ავსებს „ინციდენტები“ უკრაინასთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან.