მას შემდეგ, რაც დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსული მომარაგების ხაზების წინააღმდეგ გამოიყენეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გენერლებს უბრძანა, პრიორიტეტად უკრაინის შორი რადიუსის რაკეტები და საარტილერიო სისტემების განადგურება დაისახონ.
24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობს და ამჟმად უკრაინის ტერიტორიის თითქმის მეხუთედი აქვს ოკუპირებული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირე შოიგუმ შეამოწმა აღმოსავლეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინაში იბრძვის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინამ იარაღი რუსების მიერ კონტროლირებულ დონბასში, საცხოვრებელი უბნების დასაბომბად გამოიყენა და პურის ყანებს და მარცვლეულის საცავებს ცეცხლი შეგნებულად გაუჩინა.
უკრაინა აცხადებს, რომ დასავლეთისგან მიღებული, ზალპური ცეცხლის რამდენიმე სარაკეტო სისტემით, 30 რუსულ ლოგისტიკურ და საბრძოლო კვანძზე წარმატებული დარტყმების წყება განახორციელა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ სოციალურ მედიაში ბრალი დასდო რუსულ ძალებს, რომ მათ დონეცკის ცენტრს დაარტყეს და ამას უკრაინას აბრალებენ.
სააგენტო „როიტერმა“მხარეების მიერ მოწოდებული საბრძოლო ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.