ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ისრაელი პირობას დებენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი იერუსალიმში, ისრაელში ვიზიტისას
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი იერუსალიმში, ისრაელში ვიზიტისას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა დღეს პირობა დადეს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს. მოკავშირეებმა ამით პრინციპულ საკითხში ერთსულოვნება აჩვენეს მაშინ, როცა ამერიკას და ისრაელს შორის დიდი ხანია მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობაა თეირანის მიმართ დიპლომატიურ მიდგომის კუთხით.

ბაიდენი ისრაელში ვიზიტს აგრძელებს. ეს მისი პირველი ვიზიტია შეერთებული შტატების პრეზიდენტის როლში. ადგილობრივ ტელევიზიას ბაიდენმა უთხრა, რომ არ გამორიცხავს, "ბოლო ზომას" მიმართოს და ირანის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ მსგავსი მეთოდების გამოყენებაზე საუბრობს. თუმცა, ის, თუ რამდენად გეგმავს ამერიკა ამ ნაბიჯის გადადგმას, ჯერ კიდევ ფართო განხილვის საგნად რჩება.

განცხადება პრეზიდენტმა ბაიდენმა ისტორიული "იერუსალიმის დეკლარაციის" ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. ამერიკამ ისრაელს ორპარტიული მხარდაჭერა აღუთქვა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა "ეროვნული ძლიერების" ყველა ელემენტი გამოიყენოს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს მიიღებს.

თეირანის ოფიციალური პოზიცია ბაიდენის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების საფუძველზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თეირანს სანქციები განუახლდა. მას შემდეგ ირანმა ბირთვული აქტივობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ირანთან შეთანხმების აღსადგენად, მოლაპარაკება ვენაში გასული წლის აპრილში დაიწყო. აქამდე მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობდა.

"ერთადერთი რამ, რაც დღეს არსებულ ირანზე უარესია, არის ირანი ბირთვული იარაღით. და თუ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებასთან დაბრუნებას, ჩვენ მისი შეკავება შეგვიძლია", - უთხრა ბაიდენმა ოთხშაბათს ისრაელის ტელევიზიას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG