ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ ათზე მეტი მოთხოვნა უნდა შეასრულოს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა დარჩეს და ეს თავად ბლოკის სიძლიერისთვისაც მნიშვნელოვანია:
"ჩვენ მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და მუშაობას იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ ქართველ ხალხს. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება", - ამბობს მეცოლა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, საქართველოს ახლა პოლიტიკური ერთიანობა სჭირდება, რათა ამ გზაზე საბოლოო წარმატებას მიაღწიოს: "საქართველო ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა მკაფიო გზა შეიმუშაოს სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. ამიტომ ჩვენ გირჩევთ, საქართველოს მიანიჭოთ ევროპული პერსპექტივა, მაგრამ დაბრუნდეთ და შეაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს ის მთელ რიგ პირობებს, სანამ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება", - ამბობს ფონ დერ ლეიენი.
მოლდოვასთან მიმართებაში შეფასება ასეთია: "ჩვენი რეკომენდაცია მოლდოვასთან მიმართებით არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა რეფორმებს განახორციელებს. მოლდოვა დგას რეალურ პრორეფორმულ, ანტიკორუფციულ და ევროპულ გზაზე. ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მას აქვს კრიტერიუმების შესაბამისი პოტენციალი".
რაც შეეხება უკრაინას, ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სტანდარტების შესრულება ომამდე დაიწყო, თუმცა ბევრი რეფორმა კვლავ განსახორციელებელია:
"ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ უკრაინას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გაგებით, რომ ქვეყანა არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას განახორციელებს. უკრაინამ აშკარად აჩვენა ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება და ომამდე შეუდგა გზას ევროკავშირისკენ."
საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ შემუშავებულ პოზიტიურ დასკვნას. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით უკრაინასა და მოლდოვაზე ბევრად უფრო წინაა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო. "მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის, გარკვეულწილად, მაინც, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია. თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს, უკრაინისგან და თუნდაც, მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუკი:
- აღმოფხვრის პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამ საკითხებზე უნდა იმუშაოს ყველა პარტიამ, "19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვით"
- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი გამართულად იმუშავებს. გაიზრდება მათი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა მათზე. ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო-ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე
- მიიღებს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. დაიწყებს მის განხორციელებას. "უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის მთლიან და ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას". ამ პროცესში სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სასამართლო ინსტიტუტებმა და პროკურატურამ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ უნდა იმუშაონ. მოსამართლეები და იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრები ასევე გამჭვირვალედ უნდა ინიშნებოდნენ
- გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას და ეფექტიანად გამოიძიებს ელიტური კორუფციის შემთხვევებს. გააძლიერებს სპეციალურ საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახურებს. უზრუნველყოფს მათ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას
- აიღებს და შეასრულებს "დეოლიგარქიზაციის" ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე
- გააძლიერებს ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან და ეფექტიანად გამოიძიებს სამართალდარღვევებს. სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალე
- შექმნის თავისუფალ, პროფესიონალურ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიაგარემოს. "სამართალწარმოება მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს". ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს
- სასწრაფოდ დაიცავს მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს. ეფექტიანად გაასამართლებს მათზე მოძალადეებს და ამ ძალადობის დამკვეთებს
- "გააერთიანებს ძალისხმევას" გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად
- ჩართავს სამოქალაქო საზოგადოებას გადაწყვეტილებების მიღებაში "ყველა დონეზე"
- მიიღებს კანონს, რომელიც უბიძგებს ქართველ მოსამართლეებს, "პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები"
- ახალ სახალხო დამცველად დაინიშნება დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იქნება გამჭვირვალე, მისი სამსახური - ზეგავლენებისგან თავისუფალი.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავდა მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ. "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ოპოზიცია აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისგან" მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისა და დათქმული პირობების შესრულების მოლოდინი მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს.