ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ბავშვების რუსეთში დეპორტაციას შესაძლო გენოციდის კუთხით იძიებს


უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა
უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა

სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ უკრაინის პროკურატურა იძიებს ბრალდებებს, რომლებიც ეხება რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციას. პროკურორები გენოციდის ბრალდების ჩამოყალიბებას ცდილობენ.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, კონფლიქტის დროს ადამიანების მასიურ იძულებით დეპორტაციას ომის დანაშაულის კლასიფიკაციას ანიჭებს. კერძოდ, „ბავშვების იძულებით გადაყვანას“ გენოციდის კვალიფიკაცია აქვს. 1948 წლის გენოციდის კონვენციამ კანონგარეშედ გამოაცხადა განზრახვა, სრულად ან ნაწილობრივ გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, რაც ომის ყველაზე სერიოზული დანაშაულია.

გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულების მრავალ გამოძიებას ზედამხედველობს, თქვა: „გვაქვს 20-ზე მეტი საქმე, რომელიც ადამიანების რუსეთში იძულებით გადაყვანას ეხება“.

„ომის პირველი დღეებიდან გენოციდის ეს საქმე დავიწყეთ“ , უთხრა ვენედიქტოვამ „როიტერს“. მან თქვა, რომ რუსეთის თავდასხმით გამოწვეული ქაოსის და ნგრევის დროს ბავშვების წაყვანაზე ყურადღების გამახვილებით საუკეთესო გზა გამოიძებნა, რათა შეიკრიბოს სამხილები, რომელიც გენოციდის მკაცრ იურიდიულ განსაზღვრებას დააკმაყოფილებს.

ვენედიქტოვამ უარი თქვა დაესახელებინა იძულებით გადაყვანილ ბავშთა რიცხვი, მაგრამ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ მაისის შუა რიცხვებში თქვა, რომ კონფლიქტის დროს რუსეთმა 210 ათასზე მეტი ბავშვი გადაიყვანა, ეს იმ 1.2 მილიონი უკრაინელის ნაწილია, რომელთა შესახებაც კიევი აცხადებს, რომ მათი დეპორტაცია ამ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ მოხდა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასსმა" მოიყვანა ანონიმი სამართალდამცავი ოფიციალური პირის ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიიდან და დონბასიდან რუსეთის საზღვარი 1.55 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა და მათ შორის 254 ათასზე მეტი ბავშვი იყო.

გენოციდის კონვენცია - შეთანხმება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნაცისტური ჰოლოკოსტის კვალდაკვალ მიიღო - გამოჰყოფს ხუთ ქმედებას, რომელთაგან თითოეული შეიძლება დანაშაულს წარმოადგენდეს, თუ გენოციდის განზრახვით არის ჩადენილი: ჯგუფის წევრების მოკვლა, მათთვის სერიოზული ფიზიკური და ფსიქიური ზიანის მიყენება, ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ჯგუფის განადგურებას ისახავს მიზნად, ბავშვების დაბადების აკრძალვა და ჯგუფიდან ბავშვების იძულებით გაყვანა.

XS
SM
MD
LG