ქალაქ სევეროდონეცკის გარეუბნებში რუსული ჯარები შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ. "ძალიან სასტიკი"- ასე აღწერენ უკრაინელები ბრძოლებს, რომელთა შედეგადაც ქალაქისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა.
რუსეთმა თავისი ბოლო ძალების კონცენტრაცია მოახდინა და ლუჰანკსის რეგიონში უკრაინელების მიერ კონტროლირებული ბოლო ტერიტორიის აღებას ცდილობს. ომის დაწყებიდან მეოთხე თვის დასაწყისში, ახლა მათი მთავარი სამიზნე სწორედ ესაა.
მძიმე დაბომბვამ სევეროდონცეკისგან თითქმის აღარაფერი დატოვა, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცების უარმა, დატოვონ და ჩააბარონ ტერიტორია, სერიოზულად შეანელა რუსების თავდასხმა დონბასის რეგიონზე.
ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორი სერჰი გაიდაი ამბობს, რომ რუსები დაწინაურდნენ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. თუმცა, მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსებისგან გაწმინდეს სოფელი ტოსჰკივკა.
უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ უკრაინელებს ზოგადად, ომში დიდი უპირატესობა აქვთ. ამის საჩვენებლად ჩავიდა კვირას ხარკივში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. პრეზიდენტი ასეთი ვიზიტების სიხშირით არ გამოირჩევა. თუმცა, ის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში რუსებისგან ქალაქის გაწმენდის და უკრაინის ამ მიმართულებით წარმატების საჩვენებლად ჩავიდა.
ზელენსკის ადგილზე მოახსენეს არსებული ინფორმაცია და ჯარების განლაგების შესახებ გაუზიარეს მონაცემები.
"მინდა, რომ ყველა თქვენგანს, ყველა ჯარისკაცს მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ თქვენს სიცოცხლეს რისკავთ ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობას იცავთ. თავს გაუფრთხილდით!",- თქვა პრეზიდენტმა.
თუმცა, ზელენსკიმ მხოლოდ სამადლობელი სიტყვა არ თქვა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით მან ხარკივის უსაფრთხოების უფროსი გაათავისუფლა, მიზეზად კი ქალაქის დაცვისთვის პირველი დღიდან მოუმზადებლობა დაასახელა.
უკრაინის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონის 31% კვლავ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ.