ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი: არ დააჩაგვრინოთ თავი მჩაგვრელებს, თუ ისინი იმუქრებიან, უკან არ დაიხიოთ


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ ამერიკა უკრაინას დამატებით 33 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამ თანხაში შევა დახმარება სამი მიმართულებით - უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებებით, განაცხადა სპიკერმა.

პელოსი კონგრესის დელეგაციასთან ერთად უქმეებზე კიევში ჩავიდა და იქ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე სპიკერმა განაცხადა, „ძალიან გვეამაყება ის, რაც აქამდე გავაკეთეთ, კერძოდ კი სანქციები, რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერება, რუსეთთან ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობების შეჩერება, როგორც ბატონმა მიქსმა (კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე) ახსენა „ლენდ ლიზის” (კანონპროექტის) დამტკიცება, რომელსაც პრეზიდენტი მალე მოაწერს ხელს და ასევე ჩამორთმევისა და გაყინვის პროგრამა, რომელიც აქტივების ჩამორთმევას და გაყინვას გულისხმობს იმისთვის, რომ შემდეგ ეს უკრაინის ასაშენებლად გამოვიყენოთ მისი გამარჯვების შემდეგ“.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხისას პელოსიმ ასევე თქვა, „არ დააჩაგვრინოთ თავი მჩაგვრელებს, თუ ისინი იმუქრებიან, უკან არ დაიხიოთ. ეს არის ჩემი შეხედულება. ჩვენ აქ ბრძოლისთვის ვართ, მჩაგვრელებს არ უნდა დავნებდეთ“.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსმა, რომელიც სპიკერის ხელმძღვანელობით კიევში ჩასული დელეგაციის წევრი იყო აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე დასავლეთის ასეთ რეაგირებას არ მოელოდა.

„მან იფიქრა, რომ შეეძლო ჩვენი დაყოფა. მან ეს ვერ შეძლო. ის თავის რუსულ პროპაგანდას იყენებს მთელს მსოფლიოში არასწორი ინფორმაციის გასავრცელებლად. ამასაც ჩვენი დაყოფის მიზნით აკეთებს. ეს არ მომხდარა და არ მოხდება. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ სანქციებზე, დიახ ჩვენ მათ გავაღრმავებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ქვეყანა, არამედ ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ“, თქვა კონგრესმენმა მიქსმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად შეაფასებს ყველაფერს რაც აქამდე იქნა გაკეთებული იმის დასადგენად, თუ რა არის ეფექტური და როგორ შეიძლება ზეწოლის გაზრდა. „არაფერი შემცირდება. ყველაფერი გაიზრდება. ზეწოლა გარედან, ზეწოლა შიგნიდან. მას წასასვლელი გზა არ აქვს. ჩვენ ამას გავაგრძელეთ მანამ, სანამ პუტინი არ დანებდება“.

რუსული ჯარის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრისას კონგრესმენმა მიქსმა თქვა, რომ „როგორც ქალბატონმა სპიკერმა უკვე აღნიშნა, ჩვენ არ ვაპირებთ მჩაგვრელის ბულინგის გამო უკან დავიხიოთ. ზოგჯერ მჩაგვრელები ლაპარაკობენ, მაგრამ თუ მან ხაზი გადაკვეთა, მან უნდა იცოდეს, რომ ამას მისთვის შედეგები მოჰყვება. მან ეს უნდა იცოდეს“.

XS
SM
MD
LG