გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ ომში „ყველაზე მაღალ ფასს მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის“. გუტერეშმა ეს განცხადება უკრაინაში ვიზიტის დროს გააკეთა, მას შემდეგ, რაც კიევის შემოგარენში რამდენიმე ადგილს ეწვია. მოგვიანებით ის ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა.
გაეროს გენერალური მდივანი ბოროდიანკასა და ირპინს, ასევე ბუჩას ეწვია, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ასობით მშვიდობიანი მოსახლეობა დახვრიტეს, მოკლეს და აწამეს. ამ ქალაქებში აღმოჩენილმა საერთო საფლავებმა, ასევე ქუჩებსა და სახლებში ნაპოვნმა გვამებმა მსოფლიო შეძრა, რის შემდეგაც საერთაშირისო სასამართლომ შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო. გუტერეშმა ხუთშაბათს რუსეთს მოუწოდა ითანამშრომლოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთან ამ გამოძიებებში.
”მე სრულად ვუჭერ მხარს საერთაშორისო სასამართლოს და მივმართავ რუსეთის ფედერაციას მიიღოს და ითანამშრომლოს სასამართლოსთან”, - თქვა გუტერეშმა. მან ასევე დასძინა, რომ "როდესაც ვსაუბრობთ ომის დანაშაულებებზე, არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ყველაზე უარესი დანაშაული თავად ომია."
უკრაინაში ჩასვლამდე, გუტერეში მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა ჰუმანიტარულ დერეფნებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე სასაუბროდ
"რაც მალე დასრულდება ეს ომი, მით უკეთესი უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, დაწერა გუტერეშმა ტვიტერზე.