ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ერაყსა და ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფილი მეთაური, დევიდ პეტრაუსი ამბობს, რომ უკრაინა ახლა „გადამწყვეტ“ ეტაპზეა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რათა უკრაინას დაეხმარონ იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით. გენერალი ასევე საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც რუსული ჯარის უკრაინის სხვადასხვა ნაწილებიდან უკან დახევა განაპირობა.
5 აპრილს, ნიუ-იორკში, „რადიო თავისუფლების“ ბალკანეთის სამსახურთან საუბარში, გადამდგარმა გენერალმა თქვა, რომ უკრაინის მომავალი დამოკიდებულია, „რამდენად კარგად ვიმოქმედებთ ჩვენ, და ჩვენ ნიშნავს, არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ ნატოს ყველა ქვეყანას ერთად და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საჰაერო თავდაცვა, სარაკეტო სისტემები, არტილერია და ამუნიცია... რომელიც შეესაბამება იმას, რაც უკრაინას აქვს“.
2 აპრილს პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას, 300 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს, მათ შორის დრონებს, ავტომატებს და ჯავშანტექნიკას. პენტაგონის თქმით, ამ დროისთვის მათ უკრაინას 1.6 მილიარდის ღირებულების დახმარება გადასცეს, მათ შორის ანტისაჰაერო სტინგერის რაკეტები და ანტისატანკო იარაღი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
სამხედრო ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება იარაღი, ნაწილები და აღჭურვილობაა, რომელიც საბჭოთა დროინდელ ტექნოლოგიას შეესაბამება. ზოგიერთი დასავლური ტექნოლოგია, ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის რთული სამართავია, რადგან უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ შესაბამისი წვრთნები გავლილი.
„უკრაინელები იბრძვიან ძალიან ეფექტურად, ძალზედ გმირულად, დიდი მოწადინებით, კრეატიულობით, გამბედაობით და ეფექტურობით, და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ“, - თქვა პეტრეუსმა. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უნდა ამოწმებდნენ თავიან თავდაცვის საწყობებს და აწვდიდნენ იმას, რაც [კიევისთვის] გამოსადეგი აქვთ“, - თქვა მან.
2 აპრილს, „ტვიტერზე“, მარკ ჰერტლინგმა, ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმა, რომელიც ევროპაში ამერიკის ძალებს ხელმძღვანელობდა, თქვა რომ უკრაინისთვის საბჭოთა პერიოდის მძიმე ტექნიკის გადაცემა, სწორი ნაბიჯია. მან გამოჰყო ტ-72 ტიპის ტანკები, რომელთა გამოყენებაც უკრაინას შეუძლია.
5 აპრილს, გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ჩეხეთმა განაცხადა, რომ უკრაინას საბჭოთა წარმოების ტ-72-ებს გადასცემს, სხვა შეიარაღებასთან ერთად. ჩეხეთი ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას მძიმე ტექნიკას აწვდის.
„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, პეტრეუსმა ასევე ისაუბრა, რუსეთის სამხედრო წარუმატებლობაზე უკრაინაში. „ისინი დამარცხდნენ. უკრაინამ კიევისთვის ბრძოლა მოიგო“, - თქვა მან. „მათ ასევე მოიგეს ბრძოლა ჩერნიჰივისთვის, შორეულ ჩრდილოეთში და ასევე სუმისთვის, ჩრდილო-აღმოსავლეთით“, - განაცხადა გადამდგარმა გენერალმა.
პეტრეუსმა, რომელიც ამერიკის შენაერთებს მეთაურობდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ 2007-2008 წლებში, ავღანეთში დამატებით 20,000 სამხედრო გაგზავნა, თქვა რომ ხუთ კვირაში რუსეთის სამხედრო დანაკარგები „წარმოუდგენელია“.
„ვერ წარმომიდგენია 15,000 სამხედროს დაკარგვა ხუთ კვირაში. ეს გასაოცარია“ - განაცხადა მან. პეტრეუსის თქმით, ზუსტი რიცხვი, თუ რა დანაკარგები აქვს რუსეთს, უცნობია. უკრაინა საუბრობს 18,000 სამხედროს დაკარგვაზე, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები ამბობენ, რომ რუსეთმა ომში დაახლოებით 10,000 სამხედრო დაკარგა. რუსეთის მხარე კი მხოლოდ 1500-მდე სამხედროზე საუბრობს.
იმაზე საუბრისას, თუ რატომ გაურთულდა ომის წარმოება რუსეთს და მოუწია ცალკეულ ნაწილებში უკან დახევა, პეტრეუსი ამბობს, რომ რუსეთის „აქილევსის ქუსლი“, მათი „საექსპედიციო ლოჯისტიკა“ იყო. „სხვა სიტყვებით, როდესაც ისინი შორდებიან სარკინიგზო სისტემას თუ პორტს, მათი ლოჯისტიკური [უნარები] ძალიან, ძალიან იკლებს“, - თქვა მან.
მისი თქმით, როცა რუსული შენაერთები, რომლებიც რუსულ რკინიგზაზე არიან დამოკიდებული, შორდებიან ამ სატრანსპორტო გზას, მათთვის რთულდება ჯარისთვის საკვების, საწვავის, ამუნიციის, სამედიცინო ევაკუაციის და სხვა საჭიროებების გამართვა.
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე მოსკოვს უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი არ დაუკავებია. მოსკოვის ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი დონბასის „გათავისუფლება“ და უკრაინის „დენაციფიკაციაა“.