„იძულებულები ვართ ჩვენი ბიჭები უკრაინაში გავუშვათ. არადა, ამ დროს, არ გვყავს საკუთარი არმია. რატომ დაუშვა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არმია შეემცირებინა? იქნებ, ჩვენს ჯარში რომ ემუშავათ, 800-700 ადამიანი არ წასულიყო ომში ახლა? დიახ, ჩვენი ვალია დავეხმაროთ რუსეთს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მოხალისეებს გავუშვებდით ომში და ეს უფრო სწორი იქნებოდა,“- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას ზიტა ბესაევამ, დე-ფაქტო ცხინვალის პარლამენტის წევრმა პარტია „ნიხასიდან“. ის ამ შეხვედრის დროს მისივე პარტიის ლიდერს, ალან გაგლოევს ახლდა, რომელიც ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დე-ფაქტო ადმინსიტრაციის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებულ საარჩევნო კამპანიას ასახავს, იმ უკმაყოფილების გამომხატველია, რაც ადგილობრივებს შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს. თუმცა, ამ მოსაზრების გახმოვანება, ერთგვარად „მოღალატეობრივადაა“ მიჩნეული ადგილზე, რადგან ცხინვალი რუსეთის მოკავშირედ მიიჩნევს თავს.
რუსეთის ფედერაციასთან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ გაფორმებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი 2015 წლის 18 მარტს მოეწერა პუტინისა და თიბილოვის მიერ, გათვალისწინებული იყო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების გადასვლა რუსეთის ფედერაციის სტრუქტურების შემადგენლობაში. ხელშეკრულება 2015 წელს 25 წლიანი ვადით გაფორმდა და მას შემდგომ ძალოვანი სტრუქტურების ინტეგრაცია დაიწყო.
2017 წელს, 31 მარტს დე-ფაქტო ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციასთან კიდევ ერთ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო დანაყოფების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გადასვლას ითვალისწინებდა. შეთანხმებას ხელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და მისმა „კოლეგამ“ სამხრეთ ოსეთიდან, იბრაგიმ გასიევმა მოაწერეს. სწორედ ეს უკანასკნელი ჩაანაცვლა ორი კვირის წინ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანტოლი ბიბილოვმა.
გასიევი 10 აპრილის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას ცდილობდა. ბიბილოვმა ის, მოადგილესთან ერთად, თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილას რუსი გენერალი ვიქტორ ფედოროვი დანიშნა. ეს უკანასკნელი პირდაპირ მოსკოვიდან იმართება. ამდენად, ვის და რამდენ მოქალაქეს გაიწვევენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ფედოროვი წყვეტს და არა დე-ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი.
2017 წელს, შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, დე-ფაქტო პრეზიდენტი თიბილოვი მაშინ აღნიშნავდა, რომ „სამხრეთ ოსეთს თავისი არმია მაინც ეყოლებოდა“, თუმცა დღეის მონაცემებით ეს არ დასტურდება. სწორედ ამაზე წუხს დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ზიტა ბესაევაც. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ჯარს ვერ განკარგავს.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, თანამდებობიდან გათავისუფლებულ ეგრეთ წოდებულ თავდაცვის მინისტრ გასეევს უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზეც.
„შეხედეთ კადიროვს! ძალიან საწყენია ასეთი განსხვავების ხილვა ჩვენსა და ჩეჩნეთს შორის. არადა, ის რუსეთის ფედერაციის ნაწილია. ამ დროს, ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკა გვქვია და არმიაც კი არ გვყავს. სასაცილოა. ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გამოხატულება საკუთარი არმიის ყოლაა, რომელმაც საზღვრები უნდა დაიცვას. ჩვენ ეს არ გვაქვს. რატომ არ სვამთ ამის შესახებ კითხვებს? ნუთუ, აფხაზეთს შეეძლო თავისი პოზიციების დაცვა და ჩვენ არა?“- კითხულობს ზიტა ბესაევა.
დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ უკრაინაში საომრად გაგზავნილ ჯარისკაცებს ფულსა და ტანსაცმელს მოსახლეობა უგროვებს. „რატომ არ შეეძლო ამის გაკეთება ჩვენს სახელმწიფოს? თავდაცვის სამინისტროს? ჩაეცმიათ და გაეშვათ, როგორც საჭიროა? სად ვუშვებთ ამ ბიჭებს? ამ კითხვაზე პასუხად ერთი სიტყვაც კი არ მომისმენია ხელისუფლებისგან“,- წუხს ბესაევა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან წასულ და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმულ მოქალაქეებს შორის არიან დაღუპულებიც. მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა 23 ეთნიკური ოსის უკრაინაში დაღუპვის თაობაზე ოსურ მედია-საშუალებებში ცნობები მოიპოვება. მათგან სახელებითა და გვარებით 16-ა იდენტიფიცირებული, შვიდი მოქალაქე კი მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემების ნუსხაშია შეყვანილი.
დეპუტატი ბესაევა თავის გამოსვლაში „800-700 სამხედრო მოსამსახურის“ უკრაინაში საომრად წაყვანის შესახებ საუბრობს.
ცხინვალში პატივით დაკრძალეს ანდრეი ბაკაევი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში მამაცობის ორდენი მიაკუთვნეს, თუმცა გარდაცვლილი რომ უფრო მეტია, ამას დე-ფაქტო ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ეკლესიაში გამოსვლაც ადასტურებს. მან ცხინვალელებს ეკლესიაში, წირვის შემდეგ მიმართა და ლოცვისკენ მოუწოდა. გამოსვლის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიიდან წასულებისა, გარდაცვლილებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას, ასევე იმას, თუ სად იმყოფებიან ისინი, რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან იღებს.
დე-ფაქტო ადმინისტრაციების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ომში ჩაბმის თაობაზე ბრიფინგი გამართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 29 მარტს.
„ოკუპანტები, რუსეთი და მათი საოკუპაციო ლიდერები ადგილზე, ბოროტმოქმედებაში და რუსულ აგრესიაში რთავენ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩვენ ვნახეთ კადრები ტექნიკის გაყვანის შესახებ. მოდის ინფორმაცია, რომ გაჰყავთ ადამიანებიც. ასევე, არის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სავალდებულო გაყვანა საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ამ ბოროტმოქმედებაში ჩართვის მიზნით. ესაა კატეგორიულად მიუღებელი, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე ჩვენი სახელმწიფოს და ადამიანურ დონეზე“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„დროას“ ლიდერმა მიმართა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ურთიერთობა არსებობს ერთმანეთს შორის, არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ წარმოადგენს საზარბაზნე ხორცს - „ეს ბოროტმოქმედება დასრულდება ძალიან მძიმედ რუსეთისთვის და ეს დაასვამს დაღს ნებისმიერ მოქალაქეს“. ხოშტარია მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მშობლებს, რომ დაიცვან შვილები რუსული ძალმომრეობისგან. ომში ძალადობრივი ჩართვისგან ევროკონვენცია იცავს ადამიანებს და ამ მექანიზმის ამოქმედებას „დროა“ აპირებს.
„ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სამართლის მექანიზმები, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დავიცვათ მათი უფლებები“,- ამბობს ელენე ხოშტარია.
უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, პუტინმა დუმას წარუდგინა დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს. ამ ნორმის თანახმად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც იყო. ამ დრომდე, ცხინვალის რეგიონში გაცემული რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტი რანგობრივად არ უტოლდებოდა ფედერაციის ტერიტორიაზე გაცემულ ანალოგიური სახელწოდების საბუთს. როგორც ჩანს, ახლა ვითარება ამ კუთხით, შეიცვლება.
ოფიციალური თბილისი პუტინის მიერ დუმისთვის წარდგენილ სარატიფიკაციო შეთანხმებას 14 მარტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის დადებული ყველა შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. „რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს. ოკუპირებულ რეგიონებში იძულებითი პასპორტიზაცია წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ არალეგიტიმურ ნაბიჯებსა და ჰიბრიდულ ინსტრუმენტს“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე, ეს ქმედება შეფასებულია, როგორც ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.
დე-ფაქტო მოქმედმა პრეზიდენტმა ბიბილოვმა 6 თებერვალს რუსულ „როსია 24“თან საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა ორი „გაყოფილი“ ოსეთის გაერთიანების აუცილებლობის შესახებ. მან თქვა, რომ ოსი ხალხის ერთიანება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამოუკიდებლობა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა სურვილი და დაფიქსირდა სწრაფვა რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების შესახებ.