ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი სტამბოლში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებას ესწრებოდა


სტამბოლში რუსეთს და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო. მოლაპარაკება პირველია ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რომელიც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის შედგა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის შუამავლობით მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდა რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, რომელზეც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთს სანქციები აქვს დაწესებული.

რომან აბრამოვიჩი (უკან) სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზე
რომან აბრამოვიჩი (უკან) სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზე

შეხვედრაზე აბრამოვიჩის დასწრებასთან დაკავშირებით, გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა ბრიტანულ მაუწყებელს "ბი-ბი-სი" უთხრა: "წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს ან ამბობს იქ ბატონი აბრამოვიჩი. ის მომლაპარაკებელთა გუნდის წევრი არ არის". კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი მოლაპარაკებაში არაფორმალურად მონაწილეობს. თავად აბრამოვიჩის პრესასთან ურთიერთობის ოფისმა მედიასთან განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ვიდეოკადრზე ჩანს, რომ რუსი ოლიგარქი მოლაპარაკების წინა რიგში ზის, რამაც ბევრის გაოცება გამოიწვია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აბრამოვიჩი კონფლიქტის მონაწილე ორ ქვეყანას შორის მშვიდობიან შეთანხმების მიღწევაზე მუშაობს და ამ მიზნით, ის მარტის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, რუსეთში, თურქეთსა და ისრაელში. მის ორ "სუპერიახტას" ღუზა ამჟამად თურქეთის აგარაკებზე აქვს ჩაშვებული.

კიევი აცხადებს, რომ სტამბოლში განიხილება ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის სააკითხი. კრემლის პრესსპიკერის თქმით, ოთხშაბათამდე გაირკვევა, თუ რამდენად იმედისმომცემია მხარეებს შორის თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებები.

ნატოს წევრ თურქეთს უკრაინასთან და რუსეთთან, შავი ზღვის მხრიდან საერთო საზღვარი აკავშირებს. ანკარას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან. თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი არაერთხელ გამოვიდა ორ მხარეს შორის შუამავლის როლის შესრულების ინიციატივით. ის რუსეთზე დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც მიუღებელ ქმედებად აცხადებს.

ბოსფორის სრუტესთან დაწყებული მოლაპარაკების წინ, ერდოღანმა რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს უთხრა, რომ დადგა დრო, მაგიდაზე კონკრეტული შედეგები დაიდოს და მოლაპარაკებაში მიღწეულმა პროგრესმა გზა გაუკვალოს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას. "მხარეებს შეუძლიათ ამ ტრაგედიის გაჩერება. ყველას ინტერესებშია ცეცხლის შეწყვეტის და მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა" - თქვა ერდოღანმა.

უკრაინის ტელევიზიებმა დღეს შეხვედრასთან დაკავშირებით გადასცეს, რომ დელეგაციების წევრები ერთმანეთს "ცივად" მიესალმნენ. უკრაინული საინფორმაციო გამოშვებების მიხედვით, უკრაინის და რუსეთის მომლაპარაკებლებს ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG