ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლი ალყაშია, რუსეთი უკრაინის საპორტო ქალაქებს უტევს


რუსეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ქალაქ ხერსონს რუსები აკონტროლებენ. ადგილობრივი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ რუსული ძალები შევიდა ქალაქში და მათ ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. შავიზღვისპირა საპორტო ქალაქში 280 000 ადამიანი ცხოვრობს. ეს პირველი მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დაეცა.

უკრაინული მედია ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ჯარისკაცები შევიდნენ სამხრეთში მდებარე ქალაქ ენერჰოდარშიც. ეს მდინარე დნეპრთან მდებარე ქალაქია, რომელიც ქვეყნის ენერგომომარაგების თითქმის მეოთხედზეა პასუხისმგებელი. აქ მდებარობს ზაპაროჟიეს ბირთვული ენერგოსადგური, რომელიც ევროპაში უდიდესია. ქალაქის მერი ამბობს, რომ ენერჰოდარის მისადგომებთან უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება. დმიტრო ორლოვი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გამოვიდნენ სახლებიდან.

რუსეთის ჯარების წნეხი იზრდება კიდევ ერთ საპორტო ქალაქ მარიუპოლზე. აზოვის ზღვაზე სტრატეგიული ქალაქის მისადგომებთან ძლიერი ბრძოლები გრძელდება. მარიუპოლის მოსახლეობა იზოლირებულია და გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოქალაქეებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, არ აქვთ საკმარისი საკვები და სამედიცინო პროდუქტები. ქალაქში აღარ არის ინტერნეტი და მოქალაქეებთან დაკავშირება მობილური კავშირგაბმულობითაც თითქმის შეუძლებელია. სამედიცინო პერსონალი დაჭრილების შესახებ ინფორმაციასაც ვერ იღებს.

მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი აფეთქებები ესმოდათ კიევშიც. ქალაქის მერის ცნობით. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. კიევის მისადგომებთან კვლავ დგას რუსული ჯავშანტექნიკის 64 კილომეტრიანი კოლონა, რომელსაც უკრაინელთა წინააღმდეგობა და საჰაერო იერიში ქალაქის აღებაში ხელს უშლის. ძლიერაა დაბომბილი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვიც.

მარიუპოლის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსული ძალები გამუდმებით და გამიზნულად ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ქალაქს უმთავრესი კომუნალური მომსახურების გარეშე ტოვებენ. ამასთან, ისინი შეუძლებელს ხდიან მოქალაქეთა ევაკუაციას ან მათთან კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტების მიტანას.

„ისინი ანადგურებენ საკვები პროდუქტების მომარაგების სისტემას, ისეთ ალყაში გვამყოფებენ, როგორშიც ძველად ლენინგრადი იყო. ისინი 7 დღის განმავლობაში გამიზნულად ანადგურებდნენ კრიტიკულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. ჩვენ არ გვაქვს შუქი, წყალი და გათბობა“, - ამბობს ის.

ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობას და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, თუმცა „ქალაქი კვლავ თავდასხმის ქვეშაა, ქალები, ბავშვები, ასაკოვანი მოქალაქეები იტანჯებიან. ისინი ჩვენ, როგორც ერს, გვანადგურებენ. ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია“, - ამბობენ მარიუპოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

XS
SM
MD
LG