"საერთაშორისო ამნისტიის" ცნობით, 25 თებერვლის დილას, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში საბავშვო ბაღის შენობას ფართოდ აკრძალული კასეტური ბომბები დაეცა. ამ დროს შენობას სამოქალაქო პირები აფარებდნენ თავს. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. კიდევ ერთი ბავშვი დაშავდა. თავდასხმა, როგორც ჩანს, იქვე, ახლოს მოქმედი რუსული ძალების განხორციელებული იყო. რუსულ ძალებს დასახლებულ ადგილებში კასეტური ბომბების გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
ორგანიზაციის განცხადებით, კასეტური ბომბები რაკეტა "ურაგანმა" ჩამოყარა. რაკეტები სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკში მდებარე საბავშვო ბაღს და ბაგა-ბაღ “სონეჩკოს” შენობას მოხვდა. შენობაში ბრძოლას გამორიდებული ადგილობრივები იმალებოდნენ. "საერთაშორისო ამნისტიის" ცნობით, თავდასხმა შესაძლოა, ომის დანაშაული იყოს. დაბომბვამ დაარღვია ნორმა, რომელიც განურჩეველ იერიშებს კრძალავს და დააზიანა ბაღის შენობა, რომელსაც კანონით, განსაკუთრებულად დაცული ნაგებობის სტატუსი აქვს.
კასეტური ბომბების შესახებ 2008 წლის კონვენციის თანახმად - რომელსაც 100-ზე მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს, მაგრამ უკრაინა და რუსეთი მას არ შეერთებიან - კასეტური ბომბების ნებისმიერი გამოყენება, განვითარება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაცემა აკრძალულია. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა კრძალავს კასეტური ბომბების მსგავს იარაღს, რომელსაც ადამიანთა განურჩეველი განადგურება შეუძლია. მსგავსი განურჩეველი თავდასხმები, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა ან დაშავება მოსდევს, ომის დანაშაულს წარმოადგენს.