ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ბელარუსი უკრაინის ჩრდილოეთით სამხედრო წვრთნებს ახანგრძლივებენ


რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს ახანგრძლივებენ, რომლებიც ბელარუსში, უკრაინის საზღვართან მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია დღეს ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს "იმის გათვალისწინებით, რომ [რუსეთისა და ბელარუსის] საგარეო საზღვრებთან ახლოს გაიზარდა სამხედრო აქტიურობა". სამხედრო წვრთნების გაგრძელების კიდევ ერთ მიზეზად, ბელარუსი დონბასის რეგიონში, უკრაინის აღმოსავლეთში, არსებულ დაძაბულობას ასახელებს.

აქამდე არსებული ინფრომაციით, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნები დღეს, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. ამაზე კომენტარი გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა. თუმცა, მას მაშინ არ დაუკონკრეტებია დაუყოვნებლივ დატოვებდნენ თუ არა რუსი სამხედროები ბელარუსს.

ნატოს ინფორმაციით, რუსეთს ბელარუსში 30,000 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული და შესაძლოა, რომ ისინი უკრაინაზე თავდასხმის დროს გამოიყენოს. თუმცა, მოსკოვი ამ ბრალდებას, ისევე როგორც უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის გეგმის ქონას, უარყოფს.

ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონსმა, ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ კრემლის მმართველი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ლოგიკურად სულაც არ ფიქრობს, ამიტომ სანქციებით დამუქრება, ალბათ არ იქნება საკმარისი რუსეთის უკრაინაში შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

სანქციები " შეიძლება არ იყოს საკმარისი არარაციონალური მხარის შესაჩერებლად და ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ალოგიკურად ფიქრობს და ვერ ხედავს კატასტროფას, რომელიც წინ აქვს“, - თქვა ჯონსონმა.

სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტის ინფორმაციით, დონეცკში მძლავრი აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დონეცკში მცხოვრებმა ზრდასრულმა მამაკაცებმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს, რომლებითაც მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სროლების ხმა ისმოდა. ამ სროლებს კი, რუსული სამხედრო ჯარის რაოდენობის გაზრდა მოჰყვა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ახლა უკრაინის საზღვართან და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაახლოებით, 150,000 რუსი სამხედროა განლაგებული.

სამხედროების მობილიზების მიუხედავად, რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონას, რისიც არ სჯერათ დასავლელ ლიდერებს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, აპირებს უკრაინაში შეჭრას. ტელეკომპანია BBC-სთან საუბრის დროს კი, ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება.

"გეგმა, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის იმისთვის, რაც მასშტაბების გათვალისწინებით, შესაძლოა იყოს ყველაზე დიდი ომი ევროპაში, 1945 წლის შემდეგ", - თქვა ჯონსონმა.

XS
SM
MD
LG