რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მახლობლად განლაგებული ჯარის ნაწილი, წვრთნების დასრულების შემდეგ საკუთარ ბაზებს უბრუნდება. ამ განცხადებას ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა.
სტოლტენბერგის თქმით, ის მიესალმება, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დიპლომატიური გზა აირჩიოს. თუმცა, მოუწოდებს მოსკოვს, რომ დეესკალაციის სურვილი ქმედებით დაამტკიცოს.
"მოსკოვიდან არსებობს ნიშნები იმისა, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. თუმცა, აქამდე არ გვინახავს ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი რუსეთის მხრიდან",- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
"რუსეთმა თავისი საბრძოლო ძალები, ცივი ომის შემდგომ უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით განათავსა უკრაინასთან და უკრაინაში. ახლა ყველაფერია ახალი თვადასხმისთვის მზად. თუმცა, რუსეთს კვლავ აქვს დრო უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და მშვიდობიან გამოსავალზე იფიქროს",- თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთ-უკრაინის ახლანდელი სიტუაცია "ყველაზე სერიოზული უსაფრთხოების კრიზისია, რომლის წინაშეც ევროპა დგას, წლების განმავლობაში".
რუსეთს ორშაბათამდე 130,000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა განლაგებული უკრაინის საზღვართან. ერთობლივი წვრთნების გამო, რუსი ჯარისკაცების ნაწილი ბელარუსშიც იმყოფება. ასეთ მზაობას დასავლეთი და ოფიციალური კიევი, უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად აღიქვამენ. თუმცა, კრემლი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია.
დღეს, რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი სამხედროების ნაწილი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება, ვინაიდან წვრთნები დასრულდა.
თუმცა, რუსეთის განცხადებები არაა დამაჯერებელ უკრაინისთვის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ კიევი „დეესკალაციას დაიჯერებს“, როცა რუსეთის მიერ ჯარების გაყვანის დამადასტურებელ საბუთებს იხილავს. მინისტრის კომენტარს უკრაინული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ჩვენ განუწყვეტლივ გვესმის განსხვავებული განცხადებები, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს წესი... გვჯერა მხოლოდ იმის, რასაც ვხედავთ. თუ დავინახავთ [ჯარების] გაყვანას, დავიჯერებთ დეესაკალაციას“ - აცხადებს დმიტრო კულება.