ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს


აშშ-ის დედაქალაქში, დაწესებულებათა დიდ ნაწილში, ვიზიტორებს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აღარ ევალებათ. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა განაცხადა და გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის.

ომიკრონის ვარიანტით ინფიცირების მაჩვენებლები კლების ტენდენციას აჩვენებს, ამიტომ, შტატების ნაწილი შეზღუდვებს ამსუბუქებს.

ამ ფონზე, დედაქალაქის მერი, მურიელ ბოუსერი აცხადებს, რომ პირველი მარტიდან, ვაშინგტონში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება დახურულ დაწესებულებათა დიდ ნაწილში, მათ შორის, რესტორნებში, ბარებში, სპორტულ დარბაზებსა და რელიგიურ დაწესებულებებში.

თუმცა, პირბადის ტარების მოთხოვნა კვლავ რჩება სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მზრუნველობის დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

მერის განცხადებით, დეკემბერში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილების მიღებისას, კოვიდ-19-ით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების დრამატულ ვარდნას დაეყრდნო. თუმცა, ასევე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, როგორც ეს დეკემბერში მოხდა, ცვლილებებიბისთვის მზაობა აუცილებელია.

22 თებერვლიდან, სახელმწიფო დაწესებულებებში ნიღბის ტარების ბრძანება უქმდება ვაშინგტონის მეზობელ მერილენდის შტატში. ამის შესახებ გადაწყვეტილება შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა მიიღო.

ლარი ჰოგანი, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიღბის ტარების აუცილებლობის მოხსნის რეკომენდაციით, შტატის განათლების საბჭოს მიმართავს.

ნიღბის ტარების სავალდებულო ზომა მოიხსნა ნიუ ჯერსიში, კალიფორნიაშიო, კონექტიკუტში, დელავერსა და ორეგონში. მსგავს გადაწყვეტილებას იღებენ ნიუ-იორკის და მასაჩუსეტსის გუბერნატორები.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ პირბადის ტარების მოთხოვნის სრული გაუქმება, შესაძლოა ნაადრევი იყოს. თუმცა, გაზრდილი ვაქცინაციის ფონზე, ბავშვების შემთხვევაში შემსუბუქების შესაძლებლობაზე მიანიშნა.

„როიტერის“ მონაცემებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 189 268 შემთხვევა გამოვლინდა, ჰოსპიტალიზაცია 82 000-მდე დაეცა. წლის დასაწყისში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა 152 756-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG