ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო პეკინი 2022-ზე: პირველი ზამთრის ოლიმპიური მედლის მოლოდინში


საქართველოს ოლიმპიური ნაკრები და ეროვნული დროშა პეკინის ეროვნულ სტადიონზე
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები და ეროვნული დროშა პეკინის ეროვნულ სტადიონზე

საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო, პეკინის რიგით 24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები. ოლიმპიადის პირველი დღის შემდეგ, ფიგურული სრიალის გუნდურ შეჯიბრში, სადაც საქართველოს ისტორიული დებიუტი ჰქონდა, ჩვენი ქვეყანა „თიმ ტროფიში“ მე-7 ადგილს იკავებს.

ქართველებიდან პირველი პეკინში, მოკლე პროგრამით, მორის ყვითელაშვილი გამოვიდა. 26 წლის მოციგურავემ შვეიცარიელი მუსიკოსის Gjon’s Tears-ის ცნობილი ჰიტის - Tout l'universe ჰანგებზე, საკმაოდ დამაჯერებლად ისრიალა და საბოლოოდ, საქართველოს 7 ქულა მოუტანა.

მორის ყვითელაშვილი
მორის ყვითელაშვილი

მეოთხე ადგილზე გასულ ყვითელაშვილს სამმა კონკურენტმა გაუსწრო: ამერიკელმა ვარსკვლავმა ნათან ჩენმა, რომელიც, მსოფლის სამგზის ჩემპიონი და პიონჩანგის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია; პიონჩანგის თამაშების ვერცხლის მფლობელმა იაპონელმა შომა უნომ და მარკ კონდრატიუკმა, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენმა. რუსი ოლიმპიელები დოპინგის სისტემატური გამოყენებისა და სხვა თაღლითობის გამო, ამჯერადაც დროშისა და ჰიმნის გარეშე გამოდიან.

მიზნებს რაც შეეხება, პირველ რიგში, მსურს ორივე პროგრამა კარგად შევასრულო - გუნდურშიც და პირადშიც. შედეგები შემდეგ გამოჩნდება. ვიმუშავებთ, რათა მაქსიმუმი ვაჩვენოთ
მორის ყვითელაშვილი, მოციგურავე, საქართველოს მედროშე პეკინის თამაშებზე

„მართლა კმაყოფილი ვარ, ცოტას ვნერვიულობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული არ მემორჩილებოდა, მაგრამ კარგია, რომ დავწყნარდი და მივიღე ის, რასაც ვგეგმავდი“ - აღნიშნა პირველი გამოსვლის შემდეგ მორის ყვითელაშვილმა.

„მიზნებს რაც შეეხება, პირველ რიგში, მსურს ორივე პროგრამა კარგად შევასრულო - გუნდურშიც და პირადშიც. შედეგები შემდეგ გამოჩნდება. ვიმუშავებთ, რათა მაქსიმუმი ვაჩვენოთ!“ - მიაჩნია ქართველ მოციგურავეს.

ყვითელაშვილის შემდეგ, „თიმ ტროფიში“ გიორგი რევია-მარია კაზაკოვას და ლუკა ბერულავა-კარინა საფინას დუეტებმა ისრიალეს. ორივე წყვილმა რითმულ ცეკვებსა და მოკლე პროგრამაში საქართველოს, საერთო ჯამში, კიდევ 8 ქულა შესძინა.

ფიგურულ სრიალში, ოლიმპიადის გუნდურ შეჯიბრში სულ 10 ქვეყანა ასპარეზობს, საქართველოს ამჟამად 15 ქულით, მეშვიდე ადგილი უჭირავს. ჩვენი გუნდი უშუალო კონკურენტებს იტალიას - 3 ქულით და კანადას - ქულით ჩამორჩება.

ლუკა ბერულავა და კარინა საფინა
ლუკა ბერულავა და კარინა საფინა

ფინალურ ეტაპზე, ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის მოსახვედრად, საჭიროა, ჩვენმა მოციგურავე ანასტაცია გუბანოვამ, 6 თებერვალს, სწორედ იტალიისა და კანადის წარმომადგენლებს აჯობოს.

ფინალში გასვლა საქართველოს ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, რაც როგორც, ქართული ფიგურული სრიალისთვის და ისე მთლიანად, ქვეყნისთვის წარმოუდგენელი მიღწევა იქნება. საქართველო დამოუკიდებელი გუნდით ზამთრის ოლიმპიადაზე 1994 წლიდან გამოდის და მედალოსანი ამ დრომდე არ ჰყავს.

2022 წელს, პეკინის ზამთრის თამაშებზე საქართველოს გუნდი სარეკორდო 9 ოლიმპიელით ასპარეზობს, ყველაზე მეტნი, ექვსნი, სწორედ მოციგურავეები არიან: მორის ყვითელაშვილი, ლუკა ბერულავა/კარინა საფინა, გიორგი რევია/მარია კაზაკოვა და ანასტასია გუბანოვა. თუ საქართველო „თიმ ტროფის“ ფინალში მოხვდება, მაშინ ჩვენი ექვსივე მოციგურავე პეკინში 6-7 თებერვალსაც ისრიალებს.

გიორგი რევია და მარია კაზაკოვა
გიორგი რევია და მარია კაზაკოვა

ფიგურულ სრიალში ასევე გველის ინდივიდუალური, ოლიმპიური ტურნირი, სადაც მოკლე და თავისუფლა პროგრამაში, ასევე რითმულ ცეკვებში, ჩვეენბი 8-19 თებერვლის ჩათვლით გამოვლენ.

სპეციალისტების შეფასებით, მონდომების და გამართლების შემთხვევაში, საქართველოს ფიგურულ სრიალში აქვს კარგი შანსი, ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ისტორიული მედალი იზეიმოს.

ქვეყნის ღირსებას ჩინეთში ასევე იცავენ: სამთო მოთხილამურეები ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე. ისინი 7-16 თებერვლის ჩათვლით, ორ დისციპლინაში - სლალომსა და გინატურ სლალომში გამოვლენ.

ოლიმპიადაზე დებიუტი ექნება 21 წლის მოციგავე საბა ქუმარიტაშვილს, რომელიც ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

საბა ქუმარიტაშვილი
საბა ქუმარიტაშვილი

„ნოდარზე და იმ ტრაგედიაზე ფიქრი ძალიან მტკივნეულია, მის კვლავს მივყვები, ოჯახის ტრადიციას ვაგრძელებ“ - ამბობს ბაკურიანელი საბა ქუმარიტაშვილი.

ნოდარზე და იმ ტრაგედიაზე ფიქრი ძალიან მტკივნეულია, მის კვლავს მივყვები, ოჯახის ტრადიციას ვაგრძელებ
საბა ქუმარიტაშვილი, მოციგავე

„ოლიმპიადაზე მოხვედრა სულ ორი წლის წინ გადავწყვიტე და ბედნიერი ვარ, რომ ახლა პეკინში ვარ და დებიუტს მოუთმენლად ველოდები“ - აღნიშნა საბა ქუმარიტაშვილმა, რომლის დებიუტი 5 თებერვალს შედგება, მეორე დღეს კი კიდევ ორი დაშვების შანსი ექნება.

პეკინის ეროვნულ სტადიონზე, ოლიმპიადის გახსნაზე, საქართველოს მედროშეები ყველაზე გამოცდილი ოლიმპიელები იყვნენ: გუდაურელი ნინო ჯაფარიძე, რომლისთვისაც ეს მეოთხე ოლიმპიადაა და მორის ყვითელაშვილი, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე მეორედ გამოდის.

კოვიდპანდემიის, უმკაცრესი კოვიდრეგულაციებისა და პოლიტიკური ბოიკოტის გამო, ჩინეთში სულ 91 ქვეყნის 2871 ოლიმპიელი ჩავიდა, შედარებისთვის, ოთხი წლის უკან, სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში, 93 ქვეყნის 2922 ოლიმპიელი ასპარეზობდა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდი პეკინში
საქართველოს ოლიმპიური გუნდი პეკინში
აშშ-ს ოლიმპიური გუნდი პეკინში
აშშ-ს ოლიმპიური გუნდი პეკინში
უკრაინის ოლიმპიური ნაკრები
უკრაინის ოლიმპიური ნაკრები

ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადებზე (1956-2022)
სსრკ-ს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში 1956-72

1956, VII ოლიმპიადა. კორტინა დამპეცო
კობა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)

1960, VIII ოლიმპიადა. სკვო-ველი
კობა წაქაძე

1964, IX ოლიმპიადა. ინსბრუკი
კობა წაქაძე

1972, XI ოლიმპიადა. საპორო
კობა წაქაძე

საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში 1994-2022

1994, XVII ოლიმპიადა. ლილეჰამერი
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო თხილამურები)
კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა)
კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)
ლევან აბრამიშვილი (სამთო თხილამურები)

სოფო ახმეტელი
სოფო ახმეტელი

1998, XVIII ოლიმპიადა. ნაგანო
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო თხილამურები)
სოფო ახმეტელი (სამთო თხილამურები)
ლევან აბრამიშვილი (სამთო თხილამურები)
კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)

2002, XIX ოლიმპიადა. სოლტ ლეიკ სიტი
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული სრიალი)
სოფო ახმეტელი (სამთო თხილამურები)
რობერტ მახარაშვილი (სამთო თხილამურები)
კახა წაქაძე (ტრამპლინიდან ხტომა)

2006, XX ოლიმპიადა. ტურინი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)

2010, XXI ოლიმპიადა. ვანკუვერი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
ჯაბა გელაშვილი (სამთო თხილამურები)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)

ნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი

ნოდარ ქუმარიტაშვილი (ციგაობა) ტრაგიკულად დაიღუპა ოლიმპიადის გახსნამდე, საწვრთნელი დაშვებისას

2014, XXII ოლიმპიადა. სოჭი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)
ალექსი ბენიაძე(სამთო თხილამურები)

2018, XXIII ოლიმპიადა. პიონჩანგი
მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი)
იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)
გიორგი სოღოიანი (ციგაობა)

ნინო წიკლაური
ნინო წიკლაური

2018, XXIV ოლიმპიადა. პეკინი

მორის ყვითელაშვილი (ფიგურული სრიალი)
ლუკა ბერულავა/კარინა საფინა (ფიგურული სრიალი)
გიორგი რევია/მარია კაზაკოვა (ფიგურული სრიალი)
ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)
სოსო ჯაფარიძე (სამთო თხილამურები)
საბა ქუმარიტაშვილი (ციგაობა)
ანასტასია გუბანოვა (ფიგურული სრიალი)

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნა
პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნა

XS
SM
MD
LG