რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებით შექმნილი კრიზისი, ჯერ კვლავ დიპლომატიურ ჩარჩოებში რჩება.
მოსკოვის პირველი რეაქციებით ირკვევა, რომ კრემლი საკუთარ მოთხოვნებზე, შეერთებული შტატების და ნატოს წერილობითი პასუხით უკმაყოფილოა. თუმცა, დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
დასავლეთის პასუხის პასუხად, კრემლი აცხადებს, რომ „ნატოს პასუხში, რუსეთისთვის პრინციპული საკითხი გათვალისწინებული არ იყო“.
ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიების“ მისაღებად, კრემლის მიერ წამოყენებული მოთხოვნების ნაწილზე, ვაშინგტონისა და ნატოს პოზიცია თავიდანვე ცნობილი და იყო. რუსეთის მოთხოვნაზე, ნატომ უარი თქვას გაფართოებაზე და წერილობით დაადასტუროს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასდროს გახდებიან, შეერთებული შტატები და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი აცხადებს, რომ საკითხის გადახედვა არ იგეგმება და ნატოს კარი ღია რჩება.
ანალიტიკოსები თქმით აქამდე გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ ნატო ამ პოზიციას არ შეცვლის.
„არ ვფიქრობ, ვინმე კრემლში იმდენად იყოს ბოდვითი იდეებით შეპყრობილი, რომ ფიქრობდეს შტატები ეტყვის - კეთილი, აი აქ არის იმის 70%, რაც მოითხოვეთ“ - ამბობს "რენდის" კორპორაციის ანალიტიკოსი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ელინ ტრეიგერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
Მისი თქმით, მოსკოვის ეს მიზნები ახალი არაა, თუმცა შეკითხვებს აჩენს მათი არჩეული სტრატეგია.
„არ ვფიქრობ, ვინმე კრემლში იმდენად იყოს ბოდვითი იდეებით შეპყრობილი, რომ ფიქრობდეს შტატები ეტყვის - კეთილი, აი აქ არის იმის 70%, რაც მოითხოვეთ“ელინ ტრეიგერი
„გაცილებით მარტივია მათ მიზნებზე ილაპარაკო. ვფიქრობ მათ ახლაც ის სურთ, რაც ყოველთვის სურდათ - მეზობლების, ამ შემთხვევაში უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე კონტროლი. ისინი ამბობენ, რომ არ სურთ, ერთ დღეს, უკრაინა ან საქართველო ნატოში იხილონ. მაგრამ, მართლა ფიქრობენ, რომ ასეთი მოქმედებით შეძლებენ სასურველი მიიღონ? ვეჭვობ, რომ არა”, - ამბობს ტრეიგერი.
ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ყოველთვის, როცა რუსეთი ნატოს გაფართოების პრევენციას ცდილობს, პასუხად საპირისპიროს იღებს - ალიანსს უწევს გაძლიერდეს.
ამის შესახებ, მიმდინარე თვეში, ენტონი ბლინკენმა „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუშიც ისაუბრა.
„გასაოცარი ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეძლო დაეჩქარებინა ის, რისი პრევენციაც სურს. რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში, ნატოს მოუწია გაეძლიერებინა საკუთარი თავი“ - უთხრა ბლინკენმა „ამერიკის ხმას“.
როგორც ჩანს, გამოცდილება მეორდება. 24 იანვარს ნატომ განაცხადა, რომ საკუთარი ძალები მზადყოფნაში მოჰყავს და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს მეტი გემით, ასევე მოიერიშე თვითმფრინავებით აძლიერებს.
მოგვიანებით კი, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაიყვანოს ძალების უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა და მავნე ქმედებები, მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც ისინი აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშეა განლაგებული“ - ამავე განცხადებაში, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავდაცვითი გაერთიანებაა და დაპირისპირებისკენ არ ისწრაფვის. მაგრამ, მისი თქმით, ალიანსს არ შეუძლია და არ აპირებს კომპრომისზე წასვლას, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული და პოტენციური გამოწვევები, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ნატოს სტრატეგიული კონცეფციის, რომელსაც ალიანსი მიმდინარე წლის ივნისში, მადრიდის სამიტზე დაამტკიცებს.
„თქვენ იხილავთ აქცენტს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ეს ეჭვგარეშეა“ – თქვა ამერიკის ელჩმა ნატოში, "შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდის" მიერ, ბრიუსელში გამართულ დისკუსიაზე.
ჯულიან სმიტი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ალიანსი ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზად უნდა იყოს და მასთან გამკლავების გზები კონცეფციაშიც უნდა აისახოს.
„ის, რასაც ჩვენ ახლა განვიცდით, იმ გამოწვევების მიკროსამყაროა, რაც ალიანსის წინაშე მომავალ წლებში დადგება. როცა ფიქრობ რუსული ინსტრუმენტების ნაკრებზე, გახსენდება ტრადიციული სამხედრო ინსტრუმენტები, მათ შეუძლიათ ჯარების მობილიზება უკრაინის საზღვართან. მაგრამ, ამის მიღმა, ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორ იყენებს რუსეთი დეზინფორმაციას. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ენერგოუსაფრთხოებას, ეროვნული უსაფრთხოების ინსტრუმენტად განიხილავენ. ვიცით, რომ საკუთარ იარაღთა შორის, მათ აქვთ კიბერთავდასხმები. ისინი მიმართავენ დაშინების აქტებს, დაფრინავენ ნატოს საჰაერო სივრცეში. ასე რომ ახლა, როცა ალიანსი ერთი მხრივ, უმკლავდება რუსეთ-უკრაინის ვითარებას, მეორე მხრივ კი მუშაობს ახალი სტრატეგიის კონცეფციაზე, ხედავს, რომ მოუწევს გაუმკლავდეს სხვადასხვა გამოწვევებს - სამომავლო კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას, ჰიბრიდულ საფრთხეებს. ამ ყველაფერთან გამკლავება, შეიძლება იყოს სტრატეგიული კონცეფციის ნაწილი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი გამოწვევების გადასაჭრელად" - ამბობს სმიტი.
ჯულიან სმიტი კიდევ ერთხელ საუბრობს ვაშინგტონის და ნატოს ძალისხმევაზე, დიპლომატიური გზით გადაჭრას რუსეთთან მიმდინარე კრიზისი და ამბობს, რომ დიპლომატიის კარი ღია რჩება. იმ შემთხვევისთვის კი, თუ ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს, ამ კარს გვერდი აუაროს და უკრაინაში შეიჭრას, საპასუხოდ, რუსეთისთვის მძიმე შედეგების დასადგომად, დასავლეთი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
ნებისმიერ შემთხვევაში, იმუშავებს თუ არა დიპლომატია, უახლოეს მომავალში, რუსეთთან სტრუქტურული ურთიერთობების ნორმალიზება რთულად წარმოსადგენია „გერმანიის მარშალის ფონდის“ ვიცე-პრეზიდენტისთვის.
„იმის გათვალისწინებით, რასაც ახლა უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, ჩემი აზრით, რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობის გზაზე არ ვდგავართ. რამდენადაც არ უნდა გვსურდეს, რომ კრიზისის მართვაში დიპლომატიურმა ძალისხმევამ წარმატებას მიაღწიოს, რუსეთთან სტრუქტურული ურთიერთობა არც ისე მალე გახდება კეთილშობილური. ვისურვებდი ასე არ იყოს, მაგრამ ვფიქრობ დიდი ხნის განმავლობაში, მაღალი ინტენსივობის კოლექტიური თავდაცვის საჭიროება იქნება და ალიანსი ამას უნდა გაუმკლავდეს“ - განაცხადა ბრიუსელში გამართული დისკუსიის დროს, იან ლესერიმ.
ლესერი ამბობს, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებულ და პოტენციურ საფრთხეებს შორის, კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი, ჩინეთის საკითხმაც უნდა დაიკავოს. მისი თქმით, "მომდევნო კვირაში, მოვლენების უკრაინის სცენარით განვითარება, შესაძლოა ჩინეთ-ტაივანის შემთხვევაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვიხილოთ“.
ამასთან ლესერი ამბობს, რომ აღმოსავლეთზე ფოკუსი, ნატოს ძველი და როგორც ჩანს, კვლავ აქტუალური ამოცანაა.
მაგრამ, როგორ იქცევა რუსეთი, როცა ალიანსი მის ქმედებებს პასუხობს? - ნატოს მიერ, აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ გაკეთებული განცხადება, კრემლმა ესკალაციად შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ ეს „სამხედრო ხასიათის მასშტაბური პროვოკაციაა“.
კრემლის ამგვარი პასუხი, სრულიად მოსალოდნელი იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევრებისთვის. ტრეიგერი, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე საუბრობს.
„რუსეთის ქმედებებზე დასავლეთის ნებისმიერ რეაქცია, მოსკოვის მიერ წარმოდგენილია, როგორც ესკალაცია, პროვოკაცია. ისინი ამბობენ, - „შეხედეთ, საფრთხეები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ რეალურია. ამიტომ ვართ შეშფოთებულნი, ჩვენს საზღვრებამდე ნატოს გაფართოებით“. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რუსული მედიის ნარატივი. ეს დეზინფორმაციაა, რასაც კრემლი აქტიურად იყენებს. სინამდვილეში, ნატოს ნამდვილად არ აქვს ბევრი არჩევანი - როცა ალიანსი არაფერს აკეთებს, რუსეთი თამამდება. როცა ალიანსი მოქმედებს, ამას რუსეთი ყოველთვის პროვოკაციად წარმოაჩენს“ - ამბობს „რენდის“ წარმომადგენელი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
ნატოში შეერთებული შტატების წარმომადგენელის, ჯულიან სმიტის თქმით, არსებობის განმავლობაში, ალიანსმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციას ღირსეულად ახერხებს.
მადრიდში დაგეგმილი სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე, რამდენიმე თვის წინ, იენს სტოლტენბერგმა, სტრატეგიული კონცეფციის მთავარ მიზნად სწორედ ახალ და მიმდინარე გამოწვევებზე ადაპტირება დაასახელა.
„ჩვენ გვჭირდება მომავლის გამოწვევებზე ადაპტაცია. მადრიდის სტრატეგიული კონცეფცია ასახავს უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გარემოს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას, ჩვენი ღირებულებების მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთიანობას“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს უსაფრთხოების სტრატეგიულ კონცეფციაზე, მოკავშირეებს შორის მოსამზადებელი მოლაპარაკებები გაზაფხულზე დაიწყება. რა აისახება საბოლოო დოკუმენტში, ივნისში გახდება ცნობილი. რაც უკვე ვიცით ისაა, რომ დოკუმენტში დიდი ნაწილი რუსულ და ჩინურ მზარდ საფრთხეებს დაეთმობა.